ახალი ამბები

აშშ-ის ელჩის კომენტარი ”იმედის” გამოგონილ ამბავზე

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა, 14 მარტს განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედის” დადგმული სიუჟეტი იყო ”უპასუხისმგებლობა”, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების რეალური პრობლემების მოგვარებას ხელს არ უწყობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ”აქცენტებში” საუბრისას, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ეს დადგმული ამბავი ”უაღრესად შემაშფოთებელი” იყო იმ ხალხისთვის, ”რომლებიც ვერ გაერკვნენ იყო ეს სიმართლე, თუ მოგონილი.”

”ჩემი აზრით, ეს იყო საკმაოდ უპასუხისმგებლო,” – განაცხადა მან, ”ეს არ არის ის, რასაც ჩვენ პროფესიონალური ჟურნალისტიკის სტანდარტებად მივიჩნევთ.”

”მე არ მგონია, რომ ამ სახის გადაცემები – თუნდაც რომ მას მითითებული ჰქონოდა რომ ის გამოგონილია – ამ კონკრეტულ მომენტში იყოს ხელისშემწყობი საქართველოს წინაშე მდგომი უსაფრთხოების რეალურ საფრთხეებთან და პრობლემებთან გასამკლავებლად.”

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში აშშ-ის ელჩი მიწვეული იყო ადამიანის უფლებების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშზე სასაუბროდ.

ჯონ ბასმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რაც მოხსენებამ საქართველოსთან მიმართებაში გამოავლინა არის ის, რომ არ ხდება კანონის გამოყენება ყველასთვის ”თანაბრად და თანმიმდევრულად.”

”მე ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, სადაც საქართველოს პროგრესი ესაჭიროება,” – განაცხადა ელჩმა.

”საქართველოს უდიდეს გამოწვევად ახლა რჩება გარდამავალი პროცესის დასრულება, რათა ის მომწიფებულ დემოკრატიად ჩამოყალიბდეს, სადაც არა მარტო სამართლებრივი ჩარჩო და დემოკრატიული ინსტიტუტებია, არამედ დემოკრატიის კულტურაც,” – განაცხადა ბასმა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button