skip to content
ახალი ამბები

სერგეი შამბა: ”აფხაზეთი სანდო პარტნიორია”

სოხუმი ძალისხმევას არ იშურებს იმის დასამტკიცებლად, რომ არ არსებობს აფხაზეთის ევროპული თანამეგობრობიდან განდევნის რაიმე მიზეზი, იტყობინება ”აფსნიპრესი” 12 მარტს სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.

შამბამ ეს განცხადება სოხუმში ვიზიტად მყოფ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, პიტერ სემნებისთან შეხვედრაზე გააკეთა.

”აფსნიპრესის” ინფორმაციით, ევროპელმა დიპლომატმა შამბას სოხუმთან თანამშრომლობის შესახებ ევროკავშირის წინადადებებზე ინფორმაცია მიაწოდა.

საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის (International Crisis Group – ICG) მოხსენებაში, რომელიც თებერვალში გამოქვეყნდა და რომელიც აფხაზეთს ეხება, ნათქვამია, რომ 2009 წლის დეკემბერში ევროკავშირის პოლიტიკურმა და უსაფრთხოების კომიტეტმა (ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისგან დაკომპლექტებული ორგანო) მიიღო შიდა მოხმარების, არასაჯარო დოკუმენტი ”აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ევროკავშირის არაღიარების და ევროკავშირის ჩართულობის პოლიტიკის პარამეტრების შესახებ.”

მოხსენების თანახმად, ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს იმ პოლიტიკური და სამართლებრივი სივრცის გამოძებნას, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი ურთიერთქმედებას დაამყარებს სეპარატისტულ რეგიონებთან, ”სტატუსის შესახებ წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშე, რითიც ხაზს გაუსვამს ჩართულობისადმი მის სტრატეგიულ ინტერესს, რათა კონფლიქტრის მოგვარების ხელშეწყობისთვის საკუთარი ბერკეტები გაზარდოს”.

შეხვედრაზე სერგეი შამბამ პრეტენზიები გამოთქვა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აფხაზეთში მცხოვრებთ ვიზების გაცემაზე უარს ეუბნებიან, რაც მისი თქმით, ”პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა”.

შამბას თქმით, ამ პრობლემის მოგვარების გარეშე, ევროკავშირის ჩართულობისკენ მიმართულ მცდელობებს აზრი არ ექნება.

”თუ ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთობების განვითარებაზე, ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს – როგორც თქვენ ჩამოდიხართ, ისე ჩვენც უნდა ჩამოვდიოდეთ თქვენთან,” – განაცხადა შამბამ, ”ჩვენ პირდაპირი კონტაქტები უნდა გვქონდეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება იაკობაშვილის გეგმის მხარდაჭერა”.  მას მხედველობაში ჰქონდა საქართველოს მთავრობის სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რომელიც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის კოორდინირებით შემუშავდა.

”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ევროპაში გაიგონ, რომ აფხაზეთი სანდო და ევროპის სტანდარტების შესაბამისი პარტნიორი და მეზობელია,” – განაცხადა მან.

”საქართველოსგან განსხვავებით, რომელსაც ევროპაში დემოკრატიულ სახელმწიფოდ მიიჩნევენ, ჩვენთან ხელისუფლება სტაბილურად და ტრადიციულად გადადის ხელიდან ხელში დემოკრატიული პროცესის მეშვეობით,” – განაცხადა შამბამ. 

”აფსნიპრესის ცნობით, მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთს ”დამოუკიდებელი და ოპოზიციური პრესა აქვს… და საქართველოსგან განსხვავებით, აფხაზეთს არც ერთი პოლიტიკური პატიმარი არ ჰყავს”. მას ასევე დასძინა, რომ ევროპას არ აქვს რაიმე მიზეზი, რომ აფხაზეთს შემდგომშიც იგნორირება გაუკეთოს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button