ხელისუფლებას რუსეთთან ფრენების განახლებაზე მოლაპარაკებებისკენ მოუწოდეს
საქართველო ჩაერთვება პირდაპირი ფრენების განახლების შესახებ შუამავლების მეშვეობით რუსეთთან მოლაპარაკებებში, თუ რუსეთის მხრიდან იქნება შესაბამისი თხოვნა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.
ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ 8 მარტს მოუწოდა ხელისუფლებას მოლაპარაკებები დაიწყოს რუსულ მხარესთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ თბილისის პოზიცია ფრენების განახლების თაობაზე ”დადებითია”.
”პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საჰაერო მიმოსვლა საქართველოს ინიციატივით არ შეწყვეტილა. სწორედ რუსეთის ფედერაციამ შემოიღო ცალმხრივად ეს შეზღუდვა… შესაბამისად, დაინტერესების შემთხვევაში, ყველა შესაძლო გზა არსებობს იმისათვის, რომ მათ ოფიციალურად მოგვმართონ ამ საკითხზე,” – განაცხადა კალანდაძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გახსნა მაგალითია იმისა, რომ მიუხედავად არარსებული დიპლომატიური ურთიერთობებისა, მოლაპარაკებები შესაძლებელია, თუ ეს მოსახლეობის ინტერესებში შედის. მისი თქმით, საზღვრის გახსნის საკითხის მსგავსად, მოლაპარაკებები ფრენების აღდგენის თაობაზე შვეიცარიის შუამავლობით უნდა გაიმართოს.
მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა, შვეიცარია რუსეთის დიპლომატიურ ინტერესებს წარმოადგენს საქართველოში და საქართველოს ინტერესებს რუსეთში, თბილისსა და მოსკოვში მდებარე შვეიცარიის საელჩოებში განთავსებული ინტერესთა სექციების საშუალებით.
მას შემდეგ რაც იანვრის შუა რიცხვებში სამი ჩარტერული ფრენა განხორციელდა ორ ქვეყანას შორის, რუსეთმა უარი უთხრა ქართულ ავიაკოამპანიას ”ჯორჯიან ეარვეისს” რეგულარული ფრენების აღდგენაზე, რადგანაც მისი განცხადებით, ეს საკითხი ორი ქვეყნის საავიაციო ადმინისტრაციების განსახილველი იყო. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ინიციატივა მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე თბილისს ეკუთვნოდა.
”ეს [პირდაპირი ფრენების განახლება] არ წარმოადგენს პრიორიტეტს საქართველოსთვის; ჩვენთვის პრიორიტეტს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია წარმოადგენს,” – განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა 8 მარტს.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2006 წლის ოქტომბერში შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი ორ ქვეყანას შორის. ფრენები 2008 წლის გაზაფხულზე აღდგა, თუმცა მალევე შეწყდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)