
ლავროვი: სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარების ტემპი ნორმალურია
სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარების ტემპი ”ნორმალურია,” განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და დასძინა, რომ ეს პროცესი ”უფრო სწრაფია, ვიდრე საბჭოთა რუსეთის აღიარების ტემპი იყო”.
”დარწმუნებული ვარ, რომ იმ დროს, როდესაც მთელი ეს პროცესი – ამიერკავკასიაში სტაბილიზაციის პროცესი – გათავისუფლდება წარსულის იდეოლოგიისგან, ტენდენციებისგან, იმ დროს, როდესაც იმ რეალიებს, რომელთაც ვერსად ვერ გავექცევით, ყველა აღიარებს, და იმ დროს, როდესაც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სახელმწიფოებრიობა გაძლიერდება, ეს პროცესი უფრო სწრაფად წავა,” – განაცხადა ლავროვმა 1 თებერვალს.
მან ეს განცხადება მოსკოვში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მურატ ჯიოევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მოსკოვმა ცხინვალთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას მოაწერა ხელი – ეს ქმედება თბილისმა ”საერთაშორისო სამართლის დარღვევად და უკანონო ქმედებად” შეაფასა.
წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა რესპუბლიკამ ნაურუმ 2009 წლის დეკემბერში სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების გზით აღიარა და მეოთხე ქვეყანა გახდა რუსეთის, ნიკარაგუას და ვენესუელას შემდეგ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო.
This post is also available in: English Русский