skip to content
ახალი ამბები

ალასანია უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას მოითხოვს

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მოითხოვა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა, სადაც ”ჩვენც და საზოგადოებაც მიიღებს და მოითხოვს მიიღოს კონკრეტული პასუხები, თუ ვის მიერ იქნა დაგეგმილი ის პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც განხორციელდა უკრაინაში”.

მისი თქმით, სხდომაზე უნდა გაირკვეს თუ რომელი უწყებების თანამდებობის პირები იღებდნენ უკრაინის არჩევნებთან დაკავშირებული ქმედებების დაგეგმვაში მონაწილეობას და ”რა თქმა უნდა, ამ სხდომაზევე უნდა დაისვას საკითხი რიგი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის”.

”ზიანი, რომელიც მიადგა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ და ზოგადად ეროვნულ ინტერესებს აშკარად უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს,”- განაცხადა ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ორი დღის წინ მან უკრაინულ ვებ-გვერდებზე სატელეფონო ჩანაწერების გავრცელების შემდეგ შს მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის შიდა საქმეებში ”უხეში ჩარევის” გამო ”პასუხისმგებლობა შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე ეკისრება საქართველოს პრეზიდენტს”.

აგვისტოში ალასანიამ უშიშროების საბჭოს  პირველ გაფართოებულ სხდომაში, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ოპოზიციასთან დიალოგის კუთხით შეთავაზებული ფორმატი იყო, მონაწილეობა მიიღო, თუმცა მომდევნო ასეთ შეკრებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button