skip to content
ახალი ამბები

ბათუმში ენერგეტიკული კონფერენცია იმართება

ბათუმში 14 იანვარს საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც ენერგო უსაფრთხოების და სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის განვითარების საკითხებს განიხილავს. თუმცა, თავდაპირველად მაღალი დონის საერთაშორისო ენერგოსამიტის გამართვა იგეგმებოდა.

თავდაპირველი ოფიციალური ინფორმაციით, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, სამიტზე დასწრებას ”თითქმის ათი სახელმწიფო მეთაური” აპირებდა, მათ შორის პოლონეთის, უკრაინის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები. თუმცა, როგორც 14 იანვარს დილით გაირკვა, პრეზიდენტებმა ვერ შეძლეს ჩამოსვლა, თუმცა ამის მიზეზი უცნობია.

თავდაპირველად სამიტში ასევე უნდა მიეღო მონაწილეობა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს რიჩარდ მორნინგსტარს. თუმცა იგი საქართველოში 12 იანვარს ჩამოვიდა და 14 იანვარს დატოვა ქვეყანა ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრების გარეშე.

”ვინაიდან რიჩარდ მორნინგსტარის გრაფიკი შეიცვალა, მან ვერ შეძლო კონფერენციაზე დასწრება,” – განუცხადა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა Civil.Ge-ს 14 იანვარს.

ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ”კონსულტაციები გამართა” პრეზიდენტ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან და ენერგეტიკის მინისტრთან ალექსანდრე ხეთაგურთან, იტყობინება აშშ-ის საელჩო.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button