skip to content
ახალი ამბები

დაპირისპირება ბურჯანაძესა და გაჩეჩილაძეს შორის

2008 წლის იანვრის მოვლენები, როდესაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, ქვეყნის პოლიტიკურ დებატებში კვლავ აქტუალური გახდა მიმდინარე წლის დეკემბერში მას შემდეგ რაც ლევან გაჩეჩილაძე მიხეილ სააკაშვილთან ფარულ და კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულეს.

ამ საკითხზე ურთიერთბრალდებები 13 დეკემბრიდან აგორდა, როდესაც გაზეთმა “ასავალ–დასავალმა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ 2008 წლის იანვარში პრეზიდენტობის მაშინდელმა ოპოზიციურმა კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ სააკაშვილს სხვა საკითხებთან ერთად ასევე რამდენიმე მილიონი მოსთხოვა საადგილმამულო ბანკის გასახსნელად იმ საპროტესტო აქციების შეჩერების სანაცვლოდ, რასაც 20 იანვარს სააკაშვილის ინაუგურაციის ცერემონიისთვის საფრთხის შექმნა შეეძლო. იმ დროს ფართომასშტაბიანი აქციები იმართებოდა 5 იანვრის არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად, რომელიც, ოფიციალური მონაცემებით, სააკაშვილმა მოიგო; მეორე ადგილზე კი ლევან გაჩეჩილაძე გავიდა.

20 დეკემბერს გაირკვა, რომ გაზეთის ინფორმაციის წყარო ნინო ბურჯანაძის ქმარი, ბადრი ბიწაძე იყო, რომელიც 2008 წლის იანვარში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და სასაზღვრო პოლიციის უფროსი იყო. იმავე გაზეთში დაიბეჭდა ინტერვიუ ბადრი ბიწაძესთან, რომელშიც იგი ადანაშაულებს გაჩეჩილაძეს სააკაშვილისგან ქრთამის აღებაში.

გაჩეჩილაძემ ბურჯანაძე და ბიწაძე მისი და ქართული პარტიის წინააღმდეგ "ბინძური და ავადმყოფური კამპანიის“ წარმოებაში დაადანაშაულა, რომელიც, მისი თქმით, "ხელისუფლების ინტერესებისთვის“ ხორციელდება. მისი თქმით,  მტკიცებულების გარეშე ამგვარი ბრალდება მხოლოდ "ჭორაობაა" და ამ საკითხზე ის დებატებში მონაწილეობას არ აპირებს.
 
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს თემა უკომენტაროდ დატოვა "იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს საკითხი, ეს თემა ჩვენს ინტერესთა სფეროში არ ხვდება,“ განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 21 დეკემბერს.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე 2008 წლის იანვარში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო; იგი მონაწილეობდა იმ შეხვედრაში სააკაშვილსა და გაჩეჩილაძეს შორის, სადაც ამ უკანასკნელმა, სავარაუდოდ, მიანიშნა ფულზე საადგილმამულო ბანკის გახსნასთან დაკავშირებით.   

აქამდე, ბურჯანაძე უარს ამბობდა კომენტარი გაეკეთებინა მისი მეუღლის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე; თუმცა, დუმილი 26 დეკემბერს დაარღვია და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "აქცენტები“ ისაუბრა ამ თემაზე.

ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ერთ–ერთი პირველი, რაც გაჩეჩილაძემ სააკაშვილთან შეხვედრაზე ახსენა, იყო მისი "ოცნება“ ჰქონოდა საადგილმამულო ბანკი.

"მე ძალიან კარგად მახსოვს დავით უსუფაშვილის რეაქცია, რომელიც გაოცებისგან ლამის გადმოვარდა სკამიდან,“ – განაცხადა ბურჯანაძემ რესპუბლიკელების ლიდერზე.

იმ დროს რესპუბლიკური პარტია ცხრა პარტიისგან შემდგარ ოპოზიციურ კოალიციაში შედიოდა, რომლის პრეზიდენტობის საერთო კანდიდატიც ლევან გაჩეჩილაძე იყო. უსუფაშვილი ასევე ესწრებოდა 2008 წლის 9 იანვარს სააკაშვილთან და ბურჯანაძესთან შეხვედრას.

უსუფაშვილმა 19 დეკემბერს დაადასტურა, რომ გაჩეჩილაძემ ნამდვილად ახსენა ბანკის საკითხი სააკაშვილთან და ბურჯანაძესთან შეხვედრაზე, თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ იმ კონტექსტმა, რომელშიც გაჩეჩილაძემ "ბანკი“ ახსენა ნამდვილად არ დატოვა მასზე ისეთი შთაბეჭდილება, რომ მისი მიზანი რაიმე გარიგება იყო ამ საკითხზე.

"ლევან გაჩეჩილაძე მიმართავდა მიხეილ სააკაშვილს: ’ახლა შენზე და ჩემზე დამოკიდებულია ის, ეს ქვეყანა გაიმართება წელში და გააგრძელებს მშვიდობიან სვლას, თუ გადავიჩეხებით სამოქალაქო დაპირისპირებაში’. ის [გაჩეჩილაძე] ამბობდა, რომ საერთოდ მისთვის პოლიტიკური ცხოვრება არ იყო მისი ცხოვრების კრედო და ამოცანა… რომ მისი ცხოვრების ოცნება სულ სხვა იყო და სწორედ აქ ახსენა მან ბანკი,“ – განაცხადა უსუფაშვილმა გადაცემაში "აქცენტები“ 19 დეკემბერს.

"იქ ერთხელ ნახმარი ეს სიტყვა მე არ ჩამითვლია რაიმე შორს მიმავალ პოლიტიკურ განზრახულობად ან შეთავაზებად,“ – განაცხადა უსუფაშვილმა, "მე მჯერა, რომ ლევან გაჩეჩილაძეს 2008 წლის იანვრის განმავლობაში არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიუღია ბანკის ან სხვა რამის სანაცვლოდ. იმიტომაც მჯერა, რომ ლევან გაჩეჩილაძე იმ პერიოდში არ იყო ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიმღები [ცხრა პარტიისგან შემდგარ ოპოზიციურ კოალიციაში]“.
 
თუმცა ბურჯანაძემ განაცხადა 26 დეკემბერს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის დროს ბანკის ხსენების ფაქტი უკვე ნიშნავდა შემოთავაზებას რაღაც ტიპის გარიგებაზე, რაც დაუყონებლივ აიტაცა სააკაშვილმა.

"თანხაზეც იყო საუბარი, ოღონდ არა პირდაპირი ვაჭრობის ფორმით,“ – განაცხადა ბურჯანაძემ, „სააკაშვილმა, რა თქმა უნდა, ეს "ოცნების“ გახმოვანება დაიჭირა და ძალიან მარტივად მიუბრუნდა და ჰკითხა, რამდენი ჭირდება ამას, 10 თუ 15 მილიონი, რაზეც პასუხი იყო, რომ სჭირდება 10–12 მილიონი. სააკაშვილმა ამის შემდეგ პრაქტიკულად შეწყვიტა ამ თემაზე საუბარი ძალიან მარტივი მიზეზის გამო: მიხეილ სააკაშვილმა დაინახა ჩემი და დათო უსუფაშვილის გაოგნებული სახეები… სააკაშვილმა მიმართა გაჩეჩილაძეს და უთხრა, რომ  ხვალ შევხვდეთ და გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარიო… ეს შეხვედრა მეორე დღეს შედგა. მე ამ შეხვედრაზე არ ვიყავი. მე ზუსტად ვიცი, რომ ეს შეხვედრა შედგა“.

ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მეორე დღეს გაჩეჩილაძესთან ცალკე შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი "იყო სრულიად აღფრთოვანებული, ბედნიერი და ძალიან კმაყოფილებით მამშვიდებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა“.  

მან ასევე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა უთხრა მას, რომ გაჩეჩილაძემ მიიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი, თუმცა ბურჯანაძემ ისიც თქვა, რომ ის ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს მერაბიშვილის ამ სიტყვებს.

ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ "არსებობს“ მისი სიტყვების დამადასტურებელი მტკიცებულება. მისი თქმით, ეს მტკიცებულება სააკაშვილს და მერაბიშვილს აქვთ. თუმცა, მან თავი აარიდა პასუხს კითხვაზე მასაც აქვს თუ არა ეს მტკიცებულება ხელთ. 

ბურჯანიძემ მიანიშნა, რომ მას შემდეგ გადაწყვიტა ამ თემაზე საჯაროდ საუბარი, რაც ქართულმა პარტიამ და კერძოდ მისმა ერთ–ერთმა თანადამფუძნებელმა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა იგი გააკრიტიკა ისაუბრა რა სახალხო კრების კამპანიის წინააღმდეგ.

ბურჯანაძის თქმით, სწორედ ოქრუაშვილმა "გახსნა ცეცხლი“ პირველმა.

"საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვის შეუძლია ენდოს,“ – განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ გაჩეჩილაძის ან ქართული პარტიის ნდობა არ შეიძლება.

This post is also available in: English Русский

Back to top button