ახალი ამბები

სოხუმმა და ნაურუმ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

წყნარ ოკეანეში მდებარე, მსოფლიოს ყველაზე პატარა კუნძულ-სახელმწიფომ, ნაურუმ, დღეს სოხუმთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რითაც მსოფლიოში მეოთხე სახელმწიფო გახდა, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს სოხუმში ვიზიტად მყოფმა ნაურუს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კირიენ კეკემ და სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ.

”არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი ცხოვრობს იმ სახელმწიფოში, რომელთანაც დღეს აფხაზეთმა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც პრაქტიკულად აღიარებას ნიშნავს,”- განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა.

ნაურუს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოხუმში სტუმრობამდე ცხინვალში იმყოფებოდა.

რუსული გაზეთი ”კომერსანტი” წერდა, რომ კირიენ კეკე სეპარატისტულ რეგიონებში ვიზიტამდე, მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან მართავდა მოლაპარაკებებს. გაზეთი იტყობინებოდა, რომ ნაურუმ ამ რეგიონების აღიარებაზე მოსკოვს სიგნალები გარკვეული ფინანსური დახმარების სანაცვლოდ შემოდგომაზე გაუგზავნა. გაზეთი ასევე წერს, რომ ნაურუმ 50 მლნ აშშ დოლარის დახმარება თხოვა რუსეთს. 

ნაურუმ, რომლის ფართობი 21 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მოსახლეობა 11 ათასზე ოდნავ მეტი. დამოუკიდებლობა 1968 წელს გამოაცხადა, ხოლო გაეროს წევრი 1999 წელს გახდა.

საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ პირველმა რუსეთმა, შემდეგ კი ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button