skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭო დარჩენილი ორი მოზარდის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობა მიესალმა ცხინვალში დაკავებული ორი მოზარდის გათავისუფლებას და იქვე აღნიშნა, რომ ”მომდევნო დღეებში დაპირებისამებრ” დანარჩენი ორი მოზარდიც უნდა განთავისუფლდეს.

”ჩვენ მივესალმებით საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ცხინვალში დაკავებული ორი ქართველი მოზარდის გათავისუფლებას და მათ უსაფრთხო დაბრუნებას ოჯახებში. ამავე დროს, ხაზს ვუსვამთ  დანარჩენი ორი მოზარდის გათავისუფლების აბსოლუტურ საჭიროებას მომდევნო დღეებში, როგორც ეს დაპირებული იყო,” – განაცხადეს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტურბიორნ იაგლანდმა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიშელინ კალმი-რეიმ 3 დეკემბერს გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა, რომელმაც ორი ქართველი მოზარდის და ქართული მხარის მიერ დაკავებული ხუთი ოსის გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები აწარმოა, განაცხადა 2 დეკემბერს, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ დანარჩენ ორ მოზარდს მომდევნო 10 დღეში გაათავისუფლებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრობლემები კვლავ რჩება, რადგანაც ”ორივე მხარეს კიდევ არიან დაკავებული პირები” და იქვე დასძინა, რომ გაგრძელდება მცდელობები ამ საკითხის მოსაგვარებლად.

ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობამ ასევე განაცხადა, რომ ”ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის ქმედებები გადამწყვეტი იყო პირველი დადებითი შედეგის მისაღწევად”.

”ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კომისარს მის მიერ განხორციელებულ მცდელობებში, რომელიც მიმართულია დარჩენილი მოზარდების გათავისუფლების უზრუნველყოფისკენ,” – ნათქვამია განცხადებაში.       

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button