გაზეთი ”ბათუმელები” ჟურნალისტის დაშანტაჟების შესახებ იტყობინება
გაზეთ ”ბათუმელების” განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზეთის თანამშრომელთა დაშინების და შანტაჟის მცდელობას, მათ შორის ”სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული სტიგმის გამოყენებით.”
გაზეთის მიერ 26 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაზეთის ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორი თედო ჯორბენაძე შსს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში დაიბარეს და უთხრეს რომ მასთან კითხვები ჰქონდათ ”პირად საკითხებზე” და ”მის სექსუალურ პარტნიორზე”.
სამმართველოში წასვლამდე ჯორბენაძემ მისი დაბარების თაობაზე გაზეთის დირექტორს მზია ამაღლობელს და მთავარ რედაქტორს ეთერ თურაძეს აცნობა, რომელთაც გადაწყვიტეს წაყოლოდნენ თავიანთ კოლეგას სამმართველოში. თუმცა, როგორც გაზეთი იტყობინება, მათ არ მისცეს უფლება დასწრებოდნენ ჯორბენაძის შეხვედრას სამმართველოს თანამშრომლებთან.
”ბათუმელების” განცხადებით, შეხვედრის დროს თედო ჯორბენაძეს აჩვენეს ამობეჭდილი, შავ-თეთრი ფოტოები, რომელზეც გამოსახული იყვნენ ”მამაკაცები საცვლების ამარა” და ჯორბენაძეს უთხრეს, რომ ამ კადრებზე თვითონაც არის გამოსახული.
”სპეცსამსახურის თანამშრომელმა აუხსნა თედო ჯორბენაძეს, რომ… [გაზეთ ”ბათუმელებით”] დაინტერესებული არიან უცხო ქვეყნების, კონკრეტულად კი რუსეთის და თურქეთის სპეცსამსახურები, მისი დახმარება, თანამშრომლობა სჭირდებათ,” – აცხადებს გაზეთი, ”უარის მიღების შემდეგ თედო ჯორბენაძე გააფრთხილეს, რომ ამ კადრებს გაუგზავნიან მის ავადმყოფ მამას, თანამშრომლებს, ატვირთავენ ინტერნეტში. ჯორბენაძემ განუცხადა, რომ მას ვერ შეაშინებდნენ დამონტაჟებული კადრების გავრცელებით, რის შემდეგაც დატოვა აღნიშნული შენობა”.
”ბათუმელების” განცხადებით, გაზეთი აპირებს მიმართოს პროკურატურას გამოიძიოს მომხდარი, რაც გაზეთის თქმით, ”ადამიანების ’დავერბოვკების’ საბჭოთა კგბ-სეული” მეთოდებია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)