მაკაროვი საქართველოს შეიარაღების ზრდაზე საუბრობს
საქართველო აქტიურად იღებს შეიარაღებას საზღვარგარეთიდან, განაცხადა 10 ნოემბერს რუსეთის გენშტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა.
”საქართველოს [სამხედრო] პოტენციალი დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე შარშან აგვისტოში,”- იუწყებიან ”ინტერფაქსი” და რია ნოვოსტი” მაკაროვის სიტყვებზე დაყრდნობით.
თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელები არ არიან საქართველოსთვის იარაღის პირდაპირი მიმწოდებლები. ”თუ იქნება მიწოდება, ალბათ, ვიღაცის ხელით,”- თქვა მან.
ამ განცხადებას წინ უძღოდა ”იტარ-ტასის” მიერ 9 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც იტყობინებოდა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის იარაღი და საბრძოლო მასალა შესთავაზა, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები. ამავე ინფორმაციის თანახმად, იარაღის მიწოდება იგეგმებოდა არა პირდაპირ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ, არამედ ჩიკაგოში განთავსებული Barrington Alliance, Inc-ის საშუალებით.
ამის საპასუხოდ, საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა 9 ნოემბერს: ”სხვა ქვეყნების ურთიერთობების კომენტირების ნაცვლად უპრიანი იქნებოდა რუსეთმა იზრუნოს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, უარი თქვას თავისი სამხედრო პოტენციალის უკონტროლო გაზრდაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6 პუნქტიან შეთანხმებას და ამ შეთანხმების მოთხოვნის შესაბამისად გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)