ახალი ამბები

სააკაშვილი: ქართული ეკონომიკისთვის შემობრუნების მომენტია

მიუხედავად ომისა, გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და უმუშევრობის პრობლემის გაღრმავებისა, ახლა ქართული ეკონომიკისთვის შემობრუნების მომენტია, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 24 ოქტომბერს.

მან ეს განცხადება ფოთის პორტში ახალი ტერმინალის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა. თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობაზე. იგი საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მნიშვნელობას ევრაზიის რუქის დახმარებით ხსნიდა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო ერთადერთი მარშრუტია ევროპაში ცენტრალური აზიის და კასპიის რეგიონის ექვსი ქვეყნისთვის და უმოკლესი გზა ჩრდილოეთ ჩინეთიდან უმეტესი ევროპული ქვეყნებისკენ.

”საქართველოს გვერდს ვერ აუვლი. ტვირთები ჩრდილოეთიდან უნდა წამოვიდეს რუსეთის გავლით. ეს გზა არის სარისკო, ეს გზა არის კორუფციით სავსე, ეს გზა არის პოლიტიკური რისკებით გაჯერებული და მეორე არის პირდაპირი ხაზი, რომელიც მოდის პირდაპირ საქართველოზე. თუ ვინმეს აინტერესებს, რატომ იბომბებოდა შარშან ეს პორტი, თუ ვინმეს აინტერესებს, რატომ არიან ეს ჯარები აქ, კარგად გაავლოს თვალი ამ ხაზს [რუქაზე],” – განაცხადა მან.   

მან ასევე განაცხადა თავის გამოსვლაში, რომ საქართველო ”არ უნდა იყოს ჩვეულებრივი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა”.

”ჩვენ არ გვაქვს არც დრო, არც ფუფუნება, არც შესაძლებლობა, რომ უბრალოდ გავუყვეთ ამ ჩვეულებრივ მარშრუტს,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”საქართველოს აქვს მეტი, ვიდრე იმ ქვეყნებს. ჩვენ გვყავს ძალიან მდიდარი მეზობლები, მათ აქვთ გაზი, ნავთობი… მაგრამ ჩვენ გვაქვს ის, რაც არ აქვს არც ერთ ამ ქვეყანას რეგიონში. ჩვენ გვაქვს ყველაზე დაბალი გადასახადები”.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button