
საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფმა შეხვედრა გამართა
მმართველი პარტია ცდილობს ”მოგებულს ყველაფერი რჩება” პრინციპის წამოწევას თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებზე, რაც მიუღებელია ოპოზიციისთვის, განუცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა ”რუსთავი 2”-ს.
20 ოქტომბერს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის შემდეგ მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში და ფოთში მერის პირდაპირი არჩევის წინააღმდეგია.
დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა განხილვის თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა და ამის მოტივად ჯგუფის ქცევის კოდექსში ასახული ფორმატის წინასწარ შეთანხმებული წესები დაასახელა, რომლის თანახმადაც სხდომების დროს გაკეთებული ნებისმიერი განცხადება უნდა ჩაითვალოს, როგორც კონფიდენციალური.
თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ დისკუსია გაგრძელდება და დასძინა: ”ვიმედოვნებ, რომ კონსენსუსის გარკვეულ ხარისხს მივაღწევთ ჯგუფის შიგნით ამ საკითხებზე”.
სექტემბერში სამუშაო ჯგუფში გაერთიანების შემდეგ ალიანსმა საქართველოსთვის მონაწილეებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით წინადადებები შესთავაზა. ამას იმ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამაც დაუჭირა მხარი, რომლებიც ჯგუფის მუშაობაში არ მონაწილეობენ.
ამ წინადადების თანახმად, დედაქალაქთან ერთად მერები ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და რუსთავშიც უნდა აირჩნენ პირდაპირი კენჭისყრით და პირველივე ტურში გამარჯვებულად ჩაითვალოს ის კანდიდატი, რომელიც 50%+1 ხმას დააგროვებს. თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმათა ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს, მაშინ, ოპოზიციის წინადადებით, მეორე ტური უნდა გაიმართოს.
მმართველმა პარტიამ რამოდენიმეჯერ გაიმეორა, რომ თბილისის მერი აირჩევა პირდაპირი კენჭისყრით და არა საკრებულოს მიერ, როგორც ეს მანამდე ხდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სექტემბერში გაეროს გენერალი ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას პირობა დადო, რომ ”ყველა მერი” პირდაპირი კენჭისყრით აირჩევა, ეს საკითხი ჯერ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი მმართველ პარტიაში.
ხუთ ქალაქში მერების პირდაპირი კენჭისყრით არჩევას ასევე უჭერს მხარს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფში მონაწილეობს. ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ ბათუმში, ფოთში, რუსთავში და ქუთაისში ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო ამ ქალაქებში მერების პირდაპირ არჩევასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ ადგილობრივი არჩევნები 2010 წლის 30 მაისს ჩატარდეს, თუმცა ოფიციალურად თარიღი ჯერ დანიშნული არ არის.
This post is also available in: English Русский