
სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გახსნა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა უთხრა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე დამსწრე ოპოზიციურ პოლიტიკოსებს, რომ ხელისუფლებას მათგან ”რაიმე საიდუმლოებები” არ აქვს.
12 ოქტომბერს სხდომის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”არც ერთი სენსიტიურ ინფორმაციას”, რომელიც ოპოზიციის ლიდერებთან აგვისტოს ანალოგიურ შეხვედრაზე იქნა განხილული, არ გაუჟონია პრესაში.
სხდომას არასაპარლამენტო ოპოზიციდან მხოლოდ ტრადიციონალისტების ლიდერი აკაკი ასათიანი და პარტია თავისუფლების წარმომადგენელი სანდრო ბრეგაძე ესწრებოდნენ.
სააკაშვილის თქმით, მან ოპოზიციის წარმომადგენლები ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების დადგენის მიზნით მოიწვია. მისი თქმით, სხდომაზე ასევე გაკეთდება მოხსენება გასულ თვეში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით.
ქვემოთ მოცემულია პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტი:
”მინდა ვთქვა, რომ ამ სხდომაზე ჩვენ თქვენგან არანაირი საიდუმლობა არა გვაქვს. თქვენ ხართ საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ჯგუფების, მაგრამ რომლებიც თამაშობენ გარკვეულ აქტიურ როლს ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მინდა დავაფასო, რომ წინა შეხვედრაზე ჩვენ ბევრ მგრძნობიარე საკითხზე ვისაუბრეთ იმას, რაც ეხება სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენ იმაზეც ვლაპარაკობდით იმ სხდომის შემდეგ – პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი – რომ მაშინ ბევრი კონფიდენციალური ინფორმაცია გაგიზიარეთ იმ საკითხებში, რაც ეხებოდა სახელმწიფო ინტერესებს – ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კონტაქტებს და მე მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, რომ არც ერთი ეს სენტიტიური ინფორმაცია ღია პრესაში არ გაჟონილა. ეს ნიშნავს იმას – რა თქმა უნდა, ამ პერიოდში ჩვენ ბევრი ვაკრიტიკეთ ერთმანეთი – მაგრამ მთავარი, სარაც ჩვენ მივაღწიეთ არის ის, რომ იქ სადაც არის სახელმწიფოს ინტერესები და არა უბრალოდ პოლიტიკური ბრძოლა ყველა მონაწილემ ამ ძალიან ფართო პოლიტიკური სპექტრის გამოიჩინა საქართველოსთვის აქამდე უჩვეულო სახელმწიფოებრივი აზროვნება. ამისთვის მინდა ყველას დიდი მადლობა ვუთხრა.
რა თქმა უნდა, სხვადასხვა პრიორიტეტები არსებობს. თქვენ აქ ხართ ხალხი, რომელიც გვაკრიტიკებთ, ზოგიერთი ძალიან მწვავედ გვაკრიტიკებთ, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ შევძლოთ ძირითად საკითხებზე რაღაც საერთო ჩარჩოს მონახვა. ჩვენ, იცით, რომ საარჩევნო კომისიის ფარგლებში ვთანამშრომლობთ, სამინისტროების დონეზე მიდის შეხვედრები. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის ხალხი, ვისაც უნდა საქართველოს მტრის პროპაგანდა გადმოიღოს და გაიმეოროს იმიტომ, რომ თვლიან, რომ ეს არის გზა მათი პოლიტიკური წარმატებისკენ. ეს მათი არჩევანია. მე არასდროს არც ერთ პოლიტიკოსს არ ვუწოდებ ძალიან ცუდ სიტყვებს, როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს მათი საქციელი იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველანი ქართველები ვართ და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ ყველანი ვართ ჩვენი მრავალეთნიკური ერის შვილები და ჯობია მკვეთრი გამოთქმებისგან თავი შევიკავოთ, განსაკუთრებით მთავრობამ.
რა თქმა უნდა არის ხალხი, ვისაც ჰქონია, რომ რადიკალიზმი და სხვისი არ მოსმენა და მხოლოდ საკუთარ პოზიციაზე მიწოლა არის წარმატების ერთადერთი გზა. მე მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის, როდესაც მთავრობამ სცადა ამის გაკეთება და საკუთარ თავზე მინდა ვთქვა, ჩვენ ყოველთვის წავაგეთ და ალბათ თქვენც იგივე გამოცდილება გაქვთ.
ერთი რამ ცხადია, რომ ერთმანეთზე ტყვიების დაშენამ და რადიკალურმა ლოზუნგებმა გადაზრდილმა ტყვიების დაშენაში არაფერი კარგი არ მოგვცა. და მეორეს მხრივ, ჩვენმა ხალხმა კარგად დაგვანახა თუნდაც ბოლო თვეების განმავლობაში, რომ როგორი რადიკალურებიც არ უნდა ვიყოთ არავინ არ დაუშვებს ძალადობას და არავინ არ დაუშვებს წითელი ხაზის გადაკვეთას, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოება.
ჩვენი ხალხის დაკვეთა იყო საქართველოს მთავრობისადმი გამომვეჩინა მოქნილობა, გახსნილობა, კომპრომისების გზით გვევლო და მოგვესმინება ყველაზე უფრო რადიკალური პოლიტიკური ოპონენტებისთვისაც კი.
თქვენთვის ჩვენ საიდუმლობები არ გვქავს სახელმწიფოებრიობის საკითხებში. ჯერჯერობით ღია სხდომები ვერ იქნება იმიტომ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგებისთვის საიდუმლოებები კიდევ გვაქვს და მტერი ჩვენ ძალიან ძლიერი და დაუნდობელი გვყავს. ოკუპანტი ელოდება, რომ გამოგვტყუოს რაიმე ინფორმაცია, მაგრამ უშიშროების საბჭოს სხდომები იქნება დახურული”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)