
საქართველოს სურვილია ამერიკელები ევროკავშირის დამკვირვებლებს შეუერთდნენ
საქართველო ”წინასწარ მოლაპარაკებებს” აწარმოებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში აშშ-ის ჩართვის თაობაზე, განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ ”როიტერს”.
”ეს გულისხმობს მესამე მხარის ჩართვას მისიაში,” – იტყობინება ”როიტერი” ბოკერიას სიტყვებზე დაყრდნობით, ”ჩვენ ვესაუბრეთ ამაზე ამერიკელებს. მოლაპარაკებები ჯერ საწყის ეტაპზეა”.
მან ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს თურქეთის ინტერესს შეუერთდეს ევროკავშირის 246 უიარაღო დამკვირვებელს.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა განუცხადა New York Times-ს, რომ აშშ-ის და ევროკავშირის სხვა არაწევრი სახელმწიფოების ჩართვა ”პოლიტიკურად ძალიან ძვირი დაუჯდება რუსეთს რაიმე რომ მოიმოქმედოს ადგილზე”.
”ამას გააჩნია პოტენციალი, რომ ძალიან რეალურ შედეგს მიაღწიოს,” – განაცხადა მან. ”ძალიან რთულია იფიქრო, რა არის ის წითელი ხაზები, რასაც რუსეთი საბოლოო ჯამში პატივს სცემს, რადგანაც ჩვენ დავინახეთ შარშან, რომ მან ყველა იმ წითელი ხაზების უმეტესობა გადაკვეთა, რისი წარმოდგენაც კი შეგვეძლო”.
New York Times-ი ასევე იტყობინებოდა 20 ივლისს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პიტერ სემნების სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ევროკავშირმა ”ცნობად მიიღო ქართული მხარის ინტერესი”, მაგრამ გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ დღის წესრიგში არ დგას.
ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საქართველოში 246 უიარაღო დამკვირვებელი ჰყავს ადგილზე, რომლებიც სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ აკონტროლებენ სიტუაციას. მათ ამ რეგიონებში შესვლის უფლება არ აქვთ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)