
სააკაშვილი: თბილისი მზად არის ზემო ლარსის გახსნისთვის
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ”დაუყონებლივ გახსნას” ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, როგორც კი რუსეთი გააკეთებს ამას.
თავის სომეხ კოლეგასთან სერჟ სარქისიანთან ერევანში ერთობლიც პრესკონფერენციაზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან შვეიცარიის შუამავლობით, ან ”ავტომატურად” გახსნას სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე, როგორც კი რუსეთი გახსნის მას.
იმავე პრესკონფერენციაზე საუბრისას სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა ”უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის”.
”განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვა,” – იტყობინება რადიო ”თავისუფლების” სომხეთის ბიურო სარქისიანზე დაყრდნობით.
მან ასევე განაცხადა, რომ სომხეთი ”ღრმადაა დაინტერესებული” რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში.
”ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობებს როგორც რუსეთთან, ისე საქართველოსთან. ჩვენ ამას ღიად ვაკეთებთ, შეყოვნების გარეშე, ყოველგვარი საიდუმლოების გარეშე. და თუ ჩვენი კარგი ურთიერთობები რუსეთთან და საქართველოსთან როგორღაც დაეხმარება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებას, ჩვენ ამით მხოლოდ ბედნიერი ვიქნებით,” – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.
”ცოტა ერი თუ არსებობს მსოფლიოში, რომელიც დაიკვეხნის ისეთი ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობებით, როგორიც სომხებს და ქართველებს აქვთ,” – იტყობინება სააგენტო ახალი ამბები-სომხეთი სარქისიანზე დაყრდნობით, ”სომხეთი დაინტერესებულია, რომ ჰყავდეს მშვიდობიანი, სტაბილური და წარმატებული მეზობელი”.
იგი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას ”შეამსუბუქოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა და შექმნას სამუშაო ადგილები ჯავახეთში”.
”ჩვენის მხრივ, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ამ პროცესში,” – დასძინა სომხეთის პრეზიდენტმა.
ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი სააკაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს მისი წვლილისთვის ”საუკუნოვანი ქართულ-სომხური მეგობრობის გაძლიერების საქმეში”, იტყობინება რადიო ”თავისუფლების” სომხური ბიურო.
25 ივნისს პრეზიდენტი სააკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ტიგრან სარქისიანს შეხვდა. ცოტა ხნის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პრეტენზიები გამოთქვა საქართველოს მაღალი სატრანზიტო ტარიფების გამო ფოთისა და ბათუმის პორტების გავლით ტვირთების გადაზიდვაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)