skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა მცირეწლოვანი პაციენტის მკურნალობის გაგრძელება კატეგორიულად მოითხოვა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კატეგორიულად მოითხოვა მცირეწლოვანი პაციენტის საავადმყოფოში დაბრუნება მას შემდეგ, რაც ბავშვის მშობლებმა რელიგიური მოტივებით უარი თქვეს მკურნალობის გაგრძელებაზე.

საუბარია 4 წლის გოგონაზე, რომელმაც მძიმე დამწვრობა მიიღო და გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის გადასხმა ესაჭიროებოდა. მედიის ცნობით, პაციენტის მშობლებმა, რომლებიც იეღოვას მოწმეები არიან, უარი თქვეს მკურნალობის ამ მეთოდით გაგრძელებაზე და საკუთარი ხელწერილით ბავშვი საავადმყოფოდან გაიყვანეს.

”ჩვენ სახელმწიფო ვართ თუ უმწეო დამკვირვებლები,”- განუცხადა პრეზიდენტმა ამ საქმეზე საგანგებოდ დაბარებულ ჯანდაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს, ”ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ვინ როგორ ინტერპრეტირებს კანონს. ადამიანი სიცოცხლის, მითუმეტეს ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა დგას უფრო მაღლა ვიდრე ნებისმიერი მათი სარწმუნოებრივი მოსაზრება, პირდაპირ ვთქვათ აკვიატება და აბსოლუტური უმეცრება”.

”კატეგორიულად ვითხოვ უახლოეს საათებში ეს ბავშვი დააბრუნეთ სამკურნალო დაწესებულებაში. მე ვავალებ პოლიციას, პროკურატურას ჩაერთონ იძულების წესით,  თუ საჭიროა, ჩამოიყვანონ ეს ბავშვი, თუ სხვა მეთოდი არ იმოქმედებს და აღარასდროს მომავალში აღარ დავუშვათ, რომ მსგავს სიტუაციაში, როცა შეიძლება გადარჩენა ადამიანის ან თქვენი ექიმები და კანონი და სახელმწიფო ორგანოები აღმოჩნდნენ უმწეო მდგომარეობაში,”- განაცხადა მან.

”დაუყოვნებლივ იმოქმედეთ, მე სხვა არაფერი არ მაინტერესებს,”- განაგრძო მან, ”არც ამ მშობლების აზრი აღარ მაინტერესებს და არც რაიმე სხვა.  და მერე ასეთი მშობლების საკითხი არის ცალკე გასარკვევი სასამართლო წესით”.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ განცხადების შემდეგ ბავშვი საავადმყოფოში პოლიციელების თანხლებით დააბრუნეს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button