ახალი ამბები

სააკაშვილი: რუსეთმა ცხინვალი სამხედრო პლაცდარმის შესაქმნელ საბაბად გამოიყენა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები თბილისის ყურადღებას არ იმსახურებს, რადგან ის ”სამხედრო ბანაკში” ჩატარდა. მან ასევე ისაუბრა კოკოითის ფიგურაზე და განაცხადა, რომ ცხინვალი რუსეთმა აგვისტოში საბაბად გამოიყენა საქართველოში სამხედრო პლაცდარმის შესაქმნელად.

”ეს ხალხისგან დაცარიელებული რეგიონებია აფხაზეთიც და განსაკუთრებით ცხინვალი. ასე რომ რაღაცა კომენტარი იმაზე, რომ იქ შეიძლება რაღაც ჩატარდეს, ეს არის ჩვეულებრივი,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სატელევიზიო ჩანაწერში, რომელიც ”რუსთავი 2”-მა გაუშვა 2 ივნისს. 

მისი თქმით, ცხინვალი რეგიონთან ”რეალური” მოლაპარაკებების შანსი მისმა წინამორბედმა ედუარდ შევარდნაძემ ხელიდან გაუშვა.

”თავის დროზე კოკოითი ჩამოიყვანა და დასვა ФСБ-მ. შევარდნაძეს არ ეყო შნო და უნარი, რომ [სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ყოფილ ლიდერთან ლუდვიგ] ჩიბიროვთან, რომელიც იხვეწებოდა რომ მოვილაპარაკოთო და მაშინ რეალურად შეიძლებოდა მოლაპარაკება, ვერ მოელაპარაკა. მერე კოკოითთან მოლაპარაკებებს უკვე აზრი აღარ ჰქონდა იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერი ვცადეთ და პრინციპში, ამ კაცს დავალება ჰქონდა ზუსტად ის, რაც მოხდა. 2001 წლიდან ამ დავალებით ჩამოვიდა. არც მალავდა პირველი დღიდან, რომ უნდოდა საბაბი იმისათვის, რომ რუსეთის ქვეშ მოქცეულიყო ეს რეგიონი. ჩვეულებრივი  ФСБ-შნიკი არის [კოკოითი], თან დაბალი დონის. ამოარჩიეს რუსეთში რამდენიმე რეკეტიორისგან თავის დროზე. ამიტომ ახლა მასთან რაიმე სერიოზული ლაპარაკზე საუბარი ამ წლებში შეუძლებელი იყო. თავის დროზე ეს შანსი იქნა გაშვებული. მერე მაინც მიუხედავად იმისა, რომ ეს ბანდიტი ჩამოიყვანეს, აღმოჩნდა, რომ თითონ საზოგადოება მზად იყო სალაპარაკოდ საქართველოს მთავრობასთან – გაჩნდა დიმა სანაკოევი, გაჩნდნენ სხვები, დაიწყო მოძრაობა და ეს ვეღარ მოითმინეს მოსკოვში, იჩქარეს და სწორედ ამ რეგიონის გამოყენებით დაიწყეს მთავარი დარტყმის განხორციელება ყველანაირი ლოგიკის საწინააღმდეგოდ,”- განაცხადა სააკაშვილმა.

”რა თქმა უნდა მათი მთავარი სამიზნე იყო თბილისი, მეორე მთავარი სამიზნე იყო აფხაზეთი,”- განაგრძო მან, ”სულ არ აინტერესებდათ მათ არასდროს ცხინვალი, ეს  ზუსტად ვიცი, პირადად მაქვს მოსმენილი რუსეთის ხელმძღვანელობისგან, მაგრამ ცხინვალი უბრალოდ საბაბად იყო გამოყენებული”.

”ასე რომ ახლა იქ არის უბრალოდ პლაცდარმი დარჩნენ საქართველოზე,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”პლაცდარმზე და სამხედრო ბანაკში არჩევნების ჩატარება ეს ისეთი დამცინავი და გროტესკული რამ არის, რომ ამას ჩვენ დიდი ყურადღებას, მე მგონი, არ მივაქცევთ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button