
ხელისუფლება მზადაა მერის ვადამდელ არჩევნებზე დიალოგისთვის – გივი თარგამაძე
მმართველის პარტიის გავლენიანმა დეპუტატმა გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა ილაპარაკოს მომავალი წლის გაზაფხულზე მერის ვადამდელ არჩევნებზე იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე დიალოგი შედგება.
მან ეს განცხადება პატრიარქის მოწოდების საპასუხოდ გააკეთა, რამაც მისი თქმით, ”მართლაც მოახერხა განმუხტვა იმ საკმაოდ დაძაბული სიტუაციისა, რომელიც 26 მაისის ოპოზიციურ თავშეყრას მოჰყვა”.
პატრიარქმა 28 მაისს, განსხვავებით 26 მაისის განცხადებისაგან, აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ”სერიოზული და ფეთქებადსაშიში” დაძაბულობის განსამუხტავად უნდა გადადგას ”ქმედითი ნაბიჯები”, იქნება ეს ”რიგგარეშე არჩევნები, მოლაპარაკებები თუ სხვა”.
”ჩვენი უპირველესი მოწოდება დღეისათვის ალბათ არის სანდო გარემოს შექმნა ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი ძალიან ინტენსიური დიალოგის შედეგად მხარეებს შორის,”- განაცხადა თარგამაძემ.
”რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ მაგალითად განვაცხადეთ უკვე და ახლაც ვამბობთ, რომ მზად ვართ, რომ ეს საარჩევნო ციკლი დავიწყოთ მომავალი წლის გაზაფხულიდან და არა შემოდგომიდან და დავიწყოთ ეს ციკლი მერის არჩევნებით ისე, როგორც არის ეს განსაზღვრული კონსტიტუციით,”- განაგრძო მან, ”თუ ჩვენ ყველანი ერთად არ შევქმნით სანდო საარჩევნო გარემოს, მაშინ უბრალოდ აზრი არა აქვს ამაზე ლაპარაკს”.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010 წლის შემოდგომაზე უწევს.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორი პარტიები მიესალმნენ პატრიარქის განცხადებას და განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)