ახალი ამბები

ოპოზიციამ თბილისის მერიის პიკეტირება მოაწყო

ოპოზიციის აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა 28 მაისს თბილისის მერიის წინ რამოდენიმე საათით საპროტესტო აქცია გამართეს.

თავდაპირველად მომიტინგეები სპორტის სასახლის წინ შეიკრიბნენ დღის 12 საათისთვის, ხოლო შემდეგ მერიისკენ დაიძრნენ. ოპოზიციის ლიდერებს შორის აქციაზე იმყოფებოდნენ დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე; ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე, რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი, კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური, საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი ეკა ბესელია.

”ეს შენობა ჩვენი საპროტესტო აქციების ახალი სამიზნე გახდება,” – განაცხადა მამუკა კაციტაძემ ახალი მემარჯვენეებიდან, ”ეს შენობა სააკაშვილის რეჟიმის ბუნაგი გახდა”.

9 აპრილს საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ პარლამენტი ხელისუფლებამ დახურა იმ მოტივით, რომ ამგვარი ქმედება აღკვეთს დეპუტატების პირდაპირ კონტაქტს მომიტინგეებთან, რითიც თავიდან იქნება აშორებული დაძაბულობა. მას შემდეგ უკვე სამი სასესიო კვირა ჩავარდა. დეპუტატები მმართველი პარტიიდან ხშირად მერიის შენობაში იკრიბებიან.

პიკეტირების მთავარ მიზეზად ოპოზიციამ დაასახელა გიგი უგულავას, მათი თქმით, მოულოდნელი მისვლა სამების საკათედრო ტაძარში მაშინ, როცა პატრიარქის სიტყვას ათასობით მანიფესტანტი ელოდებოდა ეკლესიასა და მის ეზოში 26 მაისს. ოპოზიციის განცხადებით, უგულავამ, რომელიც ეკლესიაში პატრიარქს შეხვდა, გარკვეული გავლენა მოახდინა მისი განცხადების შინაარსზე. პატრიარქმა მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს მოუსმინონ ერთმანეთს, უარი თქვან კატეგორიულობაზე და ამპარტავნებაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტების ცვლის არსებულ პრაქტიკას ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოუტანია.

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უგულავას სამებაში მისვლა იყო ხალხის ”გამოწვევის” და პროვოცირების მცდელობა. მისი თქმით, 26 მაისს პროვოკატორები იყვნენ ასევე პარლამენტის წინ მიტინგზეც, სადაც მომიტინგეებს შორის დაძაბულობამ უკონტროლობის ზღვარს მიაღწია. ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა რკინიგზის ბლოკირება გადაწყვიტეს.

აქციაზე გამოსვლისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ რკინიგზის ბლოკირება იყო ოპოზიციის ლიდერების მცდელობა თავიდან აეშორებინა შესაძლო სისხლისღვრა, რადგანაც იმ ღამეს მომიტინგეებს შორის ემოციებმა საკმაოდ იმძლავრა.

”ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს იყო უპასუხისმგებლო ქმედება,” – განაცხადა ბურჯანაძემ. ”მაგრამ ეს იყო ძალიან პასუხისმგებლობით მიღებული გადაწყვეტილება ოპოზიციის ლიდერების მხრიდან და ადამიანმა უნდა იცოდეს მთლიანი კონტექსტი, სანამ ამ ქმედებას უარყოფით შეფასებას მისცემს.”

მისი თქმით, ზოგიერთი მომიტინგე მოუწოდებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის შტურმით აღებისკენ.

”ჩვენ რომ ის ხალხი ტელევიზიასთან გაგვეშვა, იქ სისხლი დაიღვრებოდა,” – განაცხადა ბურჯანაძემ, ”არ წავედით ჩვენ ამაზე, ზუსტად ამით გვჯობნის სააკაშვილი, რომ ჩვენ ვუფრთხით ახალგაზრდების სიცოცხლეს… ყველა არაპოპულარულ ნაბიჯს გადავდგამთ, თუ ეს სისხლისღვრას აგვაცილებს და ამ ხელისუფლების გაშვებაში დაგვეხმარება”.

ნინო ბურჯანაძემ ასევე ბოდიში მოუხადა აზერბაიჯანს და სომხეთს ”იმ მცირე პრობლემის გამო, რომელიც მათ შეექმნათ რკინიგზის ჩაკეტვის შედეგად”.

”ჩვენ არ გვინდა პრობლემების შექმნა, მაგრამ როდესაც სხვა გზა არ არსებობს, ჩვენ გვიწევს ბრძოლა მათ შორის ამგვარი მეთოდებით. ტვირთების გადაზიდვა უფრო დიდი ხნით შეფერხდა აგვისტოს ომის დროს სააკაშვილის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების გამო,” – დასძინა მან.

კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ოპოზიციას დაგეგმილი აქვს მერიასთან გამართული აქციის მსგავსი ”წერტილოვანი” აქციები, მაგრამ ასევე აპირებს ”სტრატეგიული ობიექტების” პერმანენტულ პიკეტირებას, რითაც ”დაიწყება ისეთი აქციები, რომელიც დამთავრდება ჩვენი უსათუო გამარჯვებით”.

იმავდროულად, ოპოზიციის ლიდერებმა თბილისის მერი გიგი უგულავა კორუფციასა და ნაციონალური ტელევიზიების გაკონტროლებაში დაადანაშაულეს.

”მერია არის ერთ-ერთი მთავარი კორუფციის ბუდე. აქ იჭრება ფული,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, ”თან ფული კეთდება სასწრაფოდ იმიტომ, რომ მიდიან [ხელისუფლება]”.

”ის [უგულავა] არის მთავარი ცენზორი საზოგადოებრივი არხის, ”რუსთავი 2”-ის, ”იმედის”- განაცხადა დავით გამყრელიძემ და დასძინა, რომ მას პრეტენზიები აქვს არა ჟურნალისტებთან, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლებიც მედია საშუალებებს აკონტროლებენ.

”მოვიდა დრო მედია გავათავისუფლოთ და გიგი უგულავა პოლიტიკურად დავასამაროთ, ისევე როგორ სააკაშვილი და მერაბიშვილი,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, ხელისუფლების გაშვება ”ერთობლივად” უნდა მოხდეს. ”ერთობლივად ჩავატარებთ, როგორც ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, ისე თბილისის მერის არჩევნებს, ოღონდ პირდაპირი წესით ავირჩევთ ახალ მერს,”- განაცხადა გამყრელიძემ.

მერიის პიკეტირება რამოდენიმე საათით გაგრძელდა, ვიდრე ლიდერები მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებდნენ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button