ახალი ამბები

პრეზიდენტთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დასრულდა

წყარო: ტელეკომპანია ”რუსთავი 2”

”დიამეტრალურად განსხვავდება ჩვენი პოზიციები,”- განუცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტ სააკაშვილთან 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ. 

”მას მიაჩნია, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაფერი არის ძალიან ცუდად. აი ეს არის ამ შეხვედრის შედეგი. მეტი შედეგი ამ შეხვედრას არ ჰქონია,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, ოპოზიცია შეხვედრის დეტალებზე იმსჯელებს და განცხადებას 18 საათზე გააკეთებს მიტინგზე პარლამენტის წინ.

”6 საათზე ჩვენ მიტინგზე, რომელიც გაგრძელდება დღესაც, ხვალაც და მუდმივად ჩვენი მთავარი მოთხოვნისათვის, დეტალურად ყველაფერს გამოვაცხადებთ. დღეს მიტინგი იქნება და ძალიან სერიოზული ინფორმაციებით აღსავსე,”- განაცხადა მან. 

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებს შორის ”სერიოზული უთანხმოებაა” და ”მძიმე საუბარი” იყო.

”არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე გავცვალეთ ხედვები,”- განაცხადა მან, ”ჩვენ შორის სერიოზული უთანხმოება არის, მაგრამ თავად ეს შეხვედრა უკვე წინგადადგმული ნაბიჯია”.  

საქართველოს გზის ლიდერმა, რომელიც ასევე წარმოადგენდა ოპოზიციას შეხვედრაზე, განაცხადა, რომ მხარეების შეფასებები კრიზისის შესახებ განსხვავებულია.

”ჩვენ გვქონდა ღია საუბარი და ძალიან ღია საუბარი,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, ”მაგრამ კრიზისის შეფასება განსხვავებული არის ძალიან ჩვენს შორის”. 

ეროვნული ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე დააყენეს ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომის თაობაზე და მოისმინეს ხელისუფლების შეფასებებიც ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

”ჩვენი შეხედულებები ძირითადად, თუ ყველაფერში არა, არ ემთხვევა ერთმანეთს, რა თქმა უნდა. მოვისმინეთ მათგან რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ მომავალში,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს, ”არის თუ არა მისაღები რაიმე წინადადება, ამას საერთო შეხვედრაზე გადავწყვეტთ, ჩვენი დღევანდელი მანდატი შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმით, რომ შეგვეტყობინებინა ჩვენი ხედვა, დაგვესვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები და მოგვესმინა მათი ვარიანტები”. 

პრეზიდენტთან შეხვედრას ეს ოთხი ლიდერი ესწრებოდა საპროტესტო აქციების ორგანიზატორი პარტიებიდან. ხელისუფლების მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, სასჯელაღსრულების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი გაბაშვილი.

მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სატელევიზიო კომენტარს გააკეთებს. 

ძირითადი შეხვედრის დასრულების შემდეგ დაიწყო მეორე შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button