ახალი ამბები

ოპოზიცია მზადაა სააკაშვილთან შეხვედრა ბაქრაძესთან მოამზადოს

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია მზადაა  შედგეს შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან, რათა მომზადდეს ”ძირითადი” შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან.

”ჩვენ გვყავს ჯგუფი, რომელიც შეხვდება ბაქრაძეს იმისათვის, რომ სააკაშვილთან შეხვედრა, რომელიც არის ძირითადი შეხვედრა, შედგეს უახლოეს დღეებში, როდესაც კი მზად იქნება ამასთან დაკავშირებით სააკაშვილი,”- განაცხადა კაციტაძემ, ”ჩვენ მზად ვართ, რომ გარკვეული მოსამზადებელი შეხვედრა შედგეს, მაგრამ ძირითადი შეხვედრა უნდა შედგეს სააკაშვილთან. თუ იქნება სააკაშვილი თბილისში, ჩვენ დღესვე მზად ვართ შედგეს მასთან შეხვედრა”. 

”ჩვენი მხრიდან არის ერთადერთი საკითხი როგორ შეიცვალოს ხელისუფლება,”- განაცხადა კაციტაძემ.

მან ეს განცხადება ჟურნალისტებთან გააკეთა ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ოფისიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც ოპოზიციის ლიდერები მსჯელობენ ბაქრაძის წინადადებაზე შეხვედრასთან დაკავშირებით. ჯერ-ჯერობით ეს შეხვედრა არ დასრულებულა და ამდენად, არ არის ცნობილი იმ ჯგუფის შემადგენლობაც, რომელიც შესაძლოა დღეს ბაქრაძეს შეხვდეს.

ოპოზიციონერი ლიდერები შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ განცხადებას.

თუმცა პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელიც ალიანსი თავისუფლებისთვის წარმომადგენელია და რომელიც თავისი პოლიტიური პარტნიორების მსგავსად საერთო ოპოზიციურ შეხვედრას არ ესწრება, განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება შეხვედრას არა მხოლოდ ბაქრაძესთან, არამედ სააკაშვილთანაც. მისი თქმით, მისი პარტია ამგვარ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

”სააკაშვილთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება,”- განაცხადა მან ”იმედის” გადაცემა ”დღის ქრონიკაში” პირდაპირ ეთერში საუბრისას, ”აქ გამოსავალი არის მშვიდობიანი, დემოკრატიული საპროტესტო აქციები, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს რეალურ კომპრომისამდე. ვფიქრობ ამისთვის ისინი [ხელისუფლება] ჯერ მზად არ ჩანან”.

”ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი არცერთ შეთავაზებაზე წამომსვლელები არ არიან, თვით პირველ არხთან დაკავშირებითაც კი, საუბარი უკვე აღარ არის ვადამდელ არჩევნებზე,”- აღნიშნა გამსახურდიამ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button