skip to content
ახალი ამბები

შსს: პოლიცია გამოიყენებს პროპორციულ ძალას

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ განაცხადა, რომ პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენებს ”პროპორციულ ძალას”.

”ზუსტად იმდენ ძალას რამდენიც საჭირო იქნება კონკრეტული თავდასხმის აღსაკვეთად, ეს იქნება მინიმალური ძალა იმიტომ, რომ ბუნებრივია, აბსოლუტურად ყველას, ყოველ შემთხვევაში ჩვენ, გააზრებული გვაქვს რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აქციის მონაწილეებსაც აქვთ ეს ძალიან კარგად გააზრებული,”- განაცხადა ზღულაძემ.

მან საინფორმაციო ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ 29 ადამიანია დაშავებული მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად, აქედან 22 მომიტინგეა, ერთი ჟურნალისტი და ექვსი პოლიციელი.

მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მთავარ სამმართველოსთან სიტუაცია ჩაწყნარდა, გაგრძელდა ”ვანდალიზმის” შემთხვევები. კერძოდ, მისი ინფორმაციით, დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჩამსხვრეულია შენობის შუშები.

”მე იმედი მაქვს, რომ მსგავსი ინციდენტები არ განმეორდება, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მომიტინგეების სრულ უმრავლესობას სურს კანონის ფარგლებში პოლიტიკური პროცესების გაგრძელება,”- განაცხადა მან.

თუმცა ასევე აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირზე  გამოჩნდა ”სხვადასხვა საგნებით და იარაღითაც სხვადასხვა აგრესიული ჯგუფები”, რომელთაც ”ერთი მოქალაქე ძალიან მძიმედ სცემეს”.

”მინდა ვთხოვო რიგით მოქალაქეებს მაქსიმალურად ავარიდოთ თავი ამ აგრესიულ ჯგუფებთან უშუალო კონტაქტში შესვლას,”- განაცხადა მან.

ზღულაძის ეს განცხადება მოჰყვა ოპოზიციის მოწოდებას მოქალაქეებისადმი გამოვიდნენ ქუჩებში დღეს მომხდარი შეტაკების გასაპროტესტებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button