ახალი ამბები

ოპოზიცია ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვას გეგმავს

ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, ისინი 8 მაისიდან საქართველოს მასშტაბით ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვას იწყებენ, რათა აიძულონ პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგეს.

გუბაზ სანიკიძემ ეროვნული ფორუმიდან ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე გაახმოვანა.

მისი თქმით, 8 მაისს, როდესაც დაიწყება სხვადასხვა ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვა რეგიონებში, ოპოზიცია 72-საათიან ულტიმატუმს წაუყენებს პრეზიდენტ სააკაშვილს. 

”სააკაშვილს მიეცემა 72 საათიანი ვადა დააკმაყოფილოს პრეზიდენტის პოსტიდან მისი გადადგომის მოთხოვნა და გამართოს პირდაპირი მოლაპარაკებები ოპოზიციასთან ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით შეცვლისთვის აუცილებელი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად,”- განაცხადა სანიკიძემ.  

მან ასევე აღნიშნა, რომ ცენტრალური მაგისტრალების ბლოკირება საქართველოს მასშტაბით სააკაშვილის გადადგომამდე გაგრძელდება.

”მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში 11 მაისიდან ვიწყებთ ცენტრალური ტრასების უვადო პიკეტირებას,”- განაცხადა მან და დასძინა, რომ პიკეტირების ადგილები გამოცხადდება 10 მაისს.   

მისი თქმით, აქციების ”გეოგრაფიის გაზრდა” და ”აგრესიულობის მომატება” კონსტიტუციის ფარგლებში განხორციელდება. ”შემდეგი ეტაპი იქნება პიკეტირება ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების რაიონებში, რეგიონებში, ქალაქებში,”- აღნიშნა სანიკიძემ.

იმავდროულად, 5 მაისს ოპოზიცია სამ ადგილას გეგმავს ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვას ერთი საათით: დასავლეთ საქართველოდან  თბილისში შემოსასვლელი; აღმოსავლეთ საქართველოდან დედაქალაქში შემოსასვლელი და თბილისის რუსთავთან და ქვემო ქართლთან დამაკავშირებელ გზაგასაყარ მოედანთან. გუბაზ სანიკიძის თქმით, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე მოხდება ამ ადგილებში ავტოტრანსპორტის ბლოკირება.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button