ახალი ამბები

სუბარი ხელისუფლებას ბიზნესმენ ხალვაშის ქონების დაბრუნებისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას გერმანიაში ემიგრირებულ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნოს მისი კუთვნილი ქონება და არ დაუშვას მისი კომპანიების ღია აუქციონზე გასაყიდად გატანა.

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს, თავი შეიკავონ  ხელისუფლების მიერ ხალვაშისათვის ”უკანონოდ” ჩამორთმეული ქონების შეძენისაგან.

28 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველმა შეისწავლა ხალვაშის საქმე და დაყადაღებულია შპს ”ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანი”, შპს ”არტ ჯგუფი” და შპს ”პრიზას” ქონება. საგადასახადო შემოწმებით შპს” არტ ჯგუფს” ერიცხება სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება 23 მლნ ლარი, ”პრიზას” 700 ათასი ლარი, ხოლო ”ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანიას” 16 მლნ ლარის ოდენობის თანხა.  საქალაქო სასამართლომ 1 აპრილს დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს სარჩელი ”არტი ჯგუფის” ქონების აუქციონზე გაყიდვის შესახებ.

”ზემოაღნიშნული დავალიანებები ნათლად მიუთითებს სახელმწიფო ხელისუფლების სურვილზე, გაანდგუროს ქიბარ ხალვაშის ბიზნესი და გადასცეს თავის ერთგულ ბიზნემსმენს,”- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარია, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას ხელისუფლებამ აიძულა 2006 წლის ნოემბერში დაეთმო წილები ტელეკომპანიებში ”რუსთავი 2” და ”მზე”.

მსგავსი/Related

Back to top button