ევროკავშირის მოხსენება საქართველოს სამოქმედო გეგმის შესახებ
საქართველომ მოახერხა წარმატებისთვის მიეღწია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში რამოდენიმე მიმართულებით, თუმცა ”ნაკლები პროგრესია” მიღწეული სხვა სფეროებში, მათ შორის მედიის თავისუფლებაში, ნათქვამია ევროკომისიის მიერ 23 აპრილს გამოქვეყნებულ წლიურ მოხსენებაში.
მოხსენება ასახავს სხვადასხვა ქვეყნების მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში 2008 წელს მიღწეულ წარმატებებს რეფორმების განხორციელების კუთხით და ხაზს უსვამს იმ სფეროებს, სადაც შემდგომი ქმედებებია საჭირო.
მოხსენებაში საქართველოსთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მიუხედავად მთელი რიგი ”საგანგებო მოვლენებისა” 2008 წელს, აგვისტოს ომის და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩათვლით, საქართველომ მაინც მიაღწია პროგრესს ”კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების განხორციელების კუთხით, განსაკუთრებით სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, პენიტენციალურ სისტემაში დაკავების ადგილებში პირობების გაუმჯობესების კუთხით და წამებისა და არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის წინააღმდეგ მცდელობების გააქტიურების კუთხით”.
”საქართველომ ნაკლებ პროგრესს მიაღწია სამოქმედო გეგმის ზოგიერთი სხვა მიზნის განხორციელებისას,” – ნათქვამია მოხსენებაში. ”კვლავ შეშფოთების საგანს წარმოადგენს მედიის თავისუფლება და პლურალიზმი. 2009 წლის მთავარ გამოწვევებად კვლავ რჩება პოლიტიკური რეფორმებისთვის ახალი იმპულსის შეძენა, ეკონომიკური გაჯანსაღება, დევნილებთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი ეროვნული სტრატეგიის ეფექტური განხორციელება და ევროკავშირის მარეგულირებელ სისტემასთან უფრო თანმიმდევრული შესაბამისობა, ასევე სექტორული რეფორმების მხარდაჭერა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)