ახალი ამბები

ოპოზიცია საკუთარ პოზიციაზე მტკიცედ დგას

მოპიკეტეები პრეზიდენტის რეზიდენციასთან. ფოტო: ინტერპრესნიუსი

საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, 15 აპრილს ხელისუფლებისთვის ”დისკომფორტის” შესაქმნელად საკნების კიდევ ერთი კერა მთავრობის კანცელარიის შენობის წინ დაიდგმება. იმავდროულად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა, რათა დაეხმარონ მოსახლეობას გაჭირვების დაძლევაში.
 
საორგანიზაციო შტაბის სახელით დღევანდელ მიტინგზე გამოსვლისას ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ ძირითადი აქცია პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდება და ასევე შენარჩუნდება პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიის პიკეტირება.

ეროვნული ფორუმის წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა მომიტინგეებს განუცხადა, რომ ხვალ 3 საათიდან გამოცხადდება იმ გეგმის შესახებ, რომელიც ”საბოლოო წერტილამდე მიიყვანს სააკაშვილის რეჟიმს და ამის შედეგად მოუწევს სააკაშვილს ჩვენი მოთხოვნის შესრულება”.

”სააკაშვილმა უნდა იცოდეს ერთი რამ ძალიან კარგად, რომ იმ მოთხოვნაში, რომელიც ჩვენ გვაქვს, ცვლილება არ იქნება,”- განაცხადა მელაშვილმა. ”ჩვენ ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო მოვახდინოთ ჩვენი მომხრეების მობილიზაცია. რახან ხელისუფლებას არ ესმის და ეს რაოდენობა ხალხის არ ყოფნის, ჩვენ ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო მეტი შევიკრიბოთ და კიდევ უფრო მეტი პრობლემები შევუქმნათ ხელისუფლებას”.

გუბაზ სანიკიძემ ეროვნული ფორუმიდან განუცხადა მომიტინგეებს, რომ ეს გეგმა იქნება ”საინტერესო, დინამიური და ფართომასშტაბიანი”.

”ის, რასაც ბოლო დღეებში ვაკეთებდით მეტ მასშტაბებს შეიძენს და არა მხოლოდ თბილისში, არამედ დანარჩენ საქართველოშიც,” – დასძინა მან.

დღესვე დილით ეკა ბესელიამ პარტიიდან მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის განაცხადა, რომ 21 აპრილიდან ოპოზიციის ლიდერები იწყებენ კამპანიას რეგიონებში მხარდამჭერთა მობილიზების მიზნით.

ლევან გაჩეჩილაძემ განუცხადა პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს, რომ ხალხი ისე უნდა მიდიოდეს მიტინგებზე, როგორც სამსახურებში.

”აქ დგომა ნიშნავს ჩვენი სამშობლოს სამსახურში დგომას,” – დასძინა მან.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და პარტიის დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება პასუხისმგებელი იქნება სიტუაციის დაძაბვაზე.

იმავდროულად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა დღეს ახალციხეში სტუმრობის დროს, რომ ”ჩვენ ვერავინ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს, თუ ჩვენ თვითონ მაგრად დავდექით ერთად”.

”დიდი ნაწილი, ვინც პროტესტს გამოთქვამს, მართლა უკიდურესი გაჭირვებისგან აკეთებს ამას. ბევრად მეტი ზის სახლში, ბევრად მეტად უჭირს. ყველაზე მეტად მესმის ამ ხალხის გაჭირვება, ყველაზე მეტად ამ ხალხს სჭირდება დახმარება,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”პოლიტიკოსებმა, მე ვფიქრობ, სკამებზე კი არ უნდა იბრძოლონ, არამედ ყველა ერთად დავჯდეთ და ვილაპარაკოთ როგორ უნდა დავეხმაროთ ჩვენ გაჭირვებულ ხალხს. ამაზე უფრო მეტი ამოცანა არავის არ აქვს. ყველა ეს სკამები მორჩება ყველას უკან, თუ ხალხის ცხოვრება არ გაუმჯობესდა”.

”საქართველოს გამოსავალი არის ერთიანობაში და სიმშვიდეში. სხვა ჩვენ ვერავინ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს, თუ ჩვენ თვითონ მაგრად დავდექით ერთად,”- დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button