თავდაცვის სამინისტრო: რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალებს ზრდის
რუსეთის ფედერაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პირად შემადგენლობასა და სამხედრო შეიარაღებას ზრდის, განაცხადა თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა დავით ნარდაიამ უცხოელ სამხედრო ატაშეებთან შეხვედრის შემდეგ.
”განსაკუთრებით ეს პროცესი არის გააქტიურებული გალისა და ახალგორის რაიონებში,”- აღნიშნა მან 13 აპრილს.
თემურ იაკობაშვილმა, სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში რუსული ძალების ზრდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს დაუკავშირა.
”რეალიზაცია საფრთხისა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად სწორად გავართმევთ ჩვენ ქვეყნის შიგნით, არაოკუპირებული ნაწილი მაქვს ამ შემთხვევაში მხედველობაში, პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებას,”- განაცხადა იაკობაშვილმა.
11 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთი საქართველოს გარშემო პროვოკაციულ სამხედრო მანევრებს ახორციელებს და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას იმოქმედოს ”შემდგომი დაძაბულობის და რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)