ახალი ამბები

ოპოზიცია საპროტესტო აქციების ”ახალ ტალღას” ამზადებს

ოპოზიციის ლიდერებმა განუცხადეს დღეს მხარდამჭერებს, რომ 13 აპრილიდან საპროტესტო აქციების ”ახალ ტალღას” გეგმავენ.

აქციების მესამე დღის სცენარი ძირითადად ანალოგიურია 10 აპრილის აქციისა – ერთდროული აქციები პარლამენტის, საზოგადოებრივ მაუწყებლის და პრეზიდენტის რეზიდენციის წინ. 11 აპრილს მომიტინგეები ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის შენობისკენაც დაიძრნენ.

დღეს გამართული კონსულტაციების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო აქცია 12 აპრილს ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით არ გაიმართება.

”აქციები ორშაბათიდან განახლდება უფრო მეტი ძალით,” – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და პარტიის დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ.

მან ასევე განაცხადა, რომ ეს ”ახალი ტალღა ასევე ითვალისწინებს რამდენიმე ცვლილებას ჩვენს ტაქტიკაში”. თუმცა, დეტალების დაკონკრეტებისგან მან თავი შეიკავა.

”სრულიად ახალი ტალღა დაიწყება ორშაბათიდან; ჩვენ შევიმუშავებთ სერიოზულ სამოქმედო გეგმას და გაგაცნობთ მას,” – განუცხადა კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა მომიტინგეებს პარლამენტის წინ.

შეხვედრის შემდეგ ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია მზად არის პრეზიდენტ სააკაშვილთან მოლაპარაკებებისთვის საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ადამიანების თანდასწრებით. მან დააკონკრეტა, რომ მოლაპარაკებები ვერ გაიმართება ტელეკამერების თანდასწრებით. 10 აპრილს ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერი შეეცადა გაექარწყლებინა მომიტინგეთა სიბრაზე ოპოზიციის მზადყოფნის გამო შეხვედროდნენ მიხეილ სააკაშვილს, განაცხადეს რა, რომ შეხვედრა პირდაპირ ეთერში გაიმართებოდა.

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განუცხადა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს: ”სააკაშვილის გადადგომა მიგვაჩნია კრიზისის დაძლევის ერთადერთ გზად; თუმცა, თუ ხელისუფლებას რაიმე სხვა აზრიანი შემოთავაზებები აქვს ამ კრიზისის დასაძლევად, გვითხრან ამის შესახებ; მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ თბილისის მერის პირდაპირი არჩევა იქნება გამოსავალი კრიზისიდან”.

11 აპრილს პარლამენტის წინ მომიტინგეთა რაოდენობა უფრო ნაკლები იყო, ვიდრე გუშინ და ბევრად ნაკლები, ვიდრე აქციებს დაწყების პირველ დღეს, 9 აპრილს.

პოლიტიკურმა ექსპერტმა ია ანთაძემ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის მასშტაბი უფრო ნაკლებია, ვიდრე საჭიროა იმისათვის, რომ ხელისუფლება კომპრომისზე წავიდეს.

”დღევანდელი ვითარება ერთის მხრივ, პრეზიდენტს აძლევს თვითდამშვიდების უფლებას და მეორეს მხრივ, ოპოზიციას აყენებს რთულ მდგომარეობაში,” – განუცხადა ია ანთაძემ Civil.Ge-ს 11 აპრილს. ”ვითარება არის ძალიან რთული. ის ფაქტი, რომ გასული 2 დღის განმავლობაში ძალადობის სისტემური გამოვლინება არ ყოფილა, არ ნიშნავს რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება”.
 
”აცნობიერებს ყველა მხარე, რომ სიტუაცია არის ჩიხური, გაჩნდა დიალოგის იმპულსები. უახლოეს 2 დღეში გაირკვევა, რამდენად სერიოზული პერსპექტივა აქვს დიალოგს, რაც იქნება სიტუაციის განმუხტვის ყველაზე უმტკივნეულო ფორმა,” – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button