ახალი ამბები

ვაშაძე იაპონიას სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 8-13 მარტს სამუშაო ვიზიტით იაპონიას სტუმრობს, რომელიც, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უწოდებენ, ”ეკონომიკური დიპლომატიის” ნაწილია და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად.

ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე თავის იაპონელ კოლეგას ჰიროფუმი ნაკასონეს შეხვდება და სიტყვით გამოვა იაპონიის რუსეთთან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის ასოციაციაში.

გასულ კვირას გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა თავის კოლეგებს ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან ბრიუსელში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სდომაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეკონომიკის ”შენარჩუნება და გაძლიერება” ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაისახა ”აგვისტოს ტრაგედიის” შემდეგ. მომდევნო ორი პრიორიტეტია, მისი თქმით, შემდგომი დემოკრატიული რეფორმები; ნატოში ინტეგრაცია და ევროკავშირთან დაახლოება.

ვაშაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკა მდგრადი გამოდგა და გასულ წელს აგვისტოს ომის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად 9%-ით გაიზარდა. მან ასევე განაცხადა 5 მარტს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გამოსვლისას, რომ მთავრობას დაგეგმილი  აქვს 2.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება წლის პირველ ნახევარში. თუმცა, ეკონომიკის მინისტრმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა ცოტა ხნის წინ ტელევიზიით, რომ 2009 წლის პირველი ორი კვარტალი ძალიან რთული იქნება და ეკონომიკის ზრდა 1%-ზე ნაკლები  იქნება.

”ინვესტორების ნდობა საქართველოს ეკონომიკის მიმართ კიდევ უფრო გამყარდა ხელისუფლების გადაწყვეტილებით არ განახორციელოს საქართველოს ეკონომიკის სუბსიდირება სახელმწიფო გრანტებით ან კრედიტებით,”- განუცხადა ვაშაძემ კოლეგებს ნატოს ქვეყნებიდან.

მისი თქმით, მთავრობა მუშაობს ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის შემდგომ გაუმჯობესებაზე.

”კერძოდ, ჩვენ ვამზადებთ საინვესტიციო დაზღვევის სისტემას, ისეთს როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებში და ისრაელშია და განვიხილავთ OPIC-ის მოდელის გამოყენებას კერძო კორპორაციული ინვესტიციებისთვის,” – განაცხადა ვაშაძემ.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button