
აშშ არ გეგმავს საქართველოში ბაზების განთავსებას – ბერნსი
ამერიკის შეერთებულ შტატები არ გეგმავს საქართველოში სამხედრო ბაზების განთავსებას, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში უილიამ ბერნსმა ”ინტერფაქსთან” ინტერვიუში 13 თებერვალს.
ბერნსმა, რომელიც ვიზიტით მოსკოვში იმყოფება, განაცხადა, რომ მას არ აქვს დეტალური ინფორმაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზების განთავსებასთან დაკავშირებულ მოსკოვის გეგმებზე, თუმცა აღნიშნა, რომ თუ ეს ინფორმაცია ”მართალია, ეს არ იქნება შესაბამისობაში იმ შეთანხმებებთან, რომელიც რუსეთმა შარშან სექტემბერში საფრანგეთის პრეზიდენტთან გააფორმა”.
”საერთაშორისო საზოგადოების უმეტესობა არ ეთანხმება რუსეთს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უთანხმოებები მშვიდობიანად მოგვარდეს,” – განაცხადა მან ინტერვიუში, რომლის ტექსტიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
კითხვაზე აპირებს, თუ არა აშშ-ის ადმინისტრაცია დააყენოს საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი, ამერიკელმა დიპლომატმა უპასუხა: ”ჩვენი აზრით, სუვერენულ ერებს აქვთ უფლება საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღონ და ალიანსები თავად შეარჩიონ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს და უკრაინას აქვთ ნატოში გაწევრიანების უფლება”.
”მაგრამ ეს პირველ რიგში დამოკიდებულია ნატოს ყველა წევრის თანხმობაზე,” – განაგრძო მან, ”ეს ასევე ნიშნავს, რომ ამ ორი ქვეყნის მოსახლეობამ ან ნებისმიერმა სხვა პოტენციური წევრი ქვეყნის მოსახლეობამ მხარი უნდა დაუჭირონ ამ გაწევრიანებას; ეს ნიშნავს ასევე, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელსაც სურს გახდეს ნატოს წევრი, უნდა დააკმაყოფილოს ნატოს მოთხოვნები. დღეს საქართველო და უკრაინა არ არიან მზად ნატოს წევრობისთვის. ნატოს წევრობა ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომელსაც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. იმავდროულად, აშშ მზად არის დააახლოვოს ურთიერთობები ნატოს და ამ ორ ქვეყანას შორის იმ ორმხრივი კომისიების მეშვეობით, რომლებიც ახლახანს შეიქმნა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)