
დორა ბაკოიანისმა საქართველოში ვიზიტი გადადო
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დორა ბაკოიანისმა საქართველოში მიმდინარე კვირას დაგეგმილი ვიზიტი გადადო.
”მან შეცვალა გეგმები და მითხრა, რომ განაგრძობს დოკუმენტზე მუშაობას,” – განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს 11 თებერვალს.
ვაშაძეს მხედველობაში ჰქონდა საბერძნეთის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი საქართველოში ეუთოს მისიის გაგრძელების თაობაზე. საქართველოში ეუთოს 16-წლიანი მისიის გაგრძელებას რუსეთმა დეკემბერში დაადო ვეტო მოითხოვა რა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მისიების შექმნა საქართველოსა და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში.
საბერძნეთის წინადადებები საჯარო არ გამხდარა; თუმცა, თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან მოსკოვში 21 იანვარს გამართული შეხვედრის შემდეგ დორა ბაკოიანისმა განაცხადა, რომ წინადადებების პაკეტი არ კვეთს რომელიმე მხარის ”წითელ ხაზებს”.
გრიგოლ ვაშაძემ ასევე განაცხადა 11 თებერვალს, რომ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შესაძლოა მარტის დასაწყისში ჩამოვიდეს საქართველოში.
ვაშაძემ ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა მას შემდეგ, რაც თავის ჰოლანდიელ კოლეგას მაქსიმ ვერჰაგენს შეხვდა თბილისში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მხოლოდ მას შემდეგ მოუწია ბაკოიანისის გადადებულ ვიზიტზე კომენტარის გაკეთება, რაც ამის შესახებ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა პრესკონფერენციაზე. ვერჰაგენის განცხადებამდე გადადებული ვიზიტის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ჯერ ცნობილი არ ყოფილა.
”მე ძლიერ ვწუხვარ, რომ ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტის გადადება გახდა საჭირო, რადგანაც იგი ამჟამად როგორც მოქმედი თავმჯდომარე მუშაობს ეუთოს მისიის შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობებზე,” – განაცხადა მაქსიმ ვერჰაგენმა თავის ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საჭიროა საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ეუთოდან და ევროკავშირიდან, განთავსდნენ სეპარატისტული რეგიონების შიგნით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)