
სააკაშვილი ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის
პრეზიდენტმა სააკაშვილმა უცხოეთში მომუშავე ქართველ ეკონომისტთა ჯგუფს თხოვა სპეციალური საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობა, რათა წინასწარ მოხდეს იმ საფრთხეების გაანალიზება, რომელიც შესაძლოა ქვეყანას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო დაემუქროს.
”გვინდა რომ შევქმნათ დიდი საერთაშორისო საბჭო ჩვენი წარმატებული, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისგან კრიზისის საწინააღმდეგოდ,”- განაცხადა მან, ”როცა ამ კრიზისიდან გამოვა ქვეყანა, უფრო სწორად, როცა ეს კრიზისი გაივლის მსოფლიოში, მართლა ყველამ ერთად ასევე მივიღოთ მონაწილეობა ახალი ქართული ეკონომიკის, ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში”.
”მინდა გთხოვოთ, რომ მუდმივად გვქონდეს ობიექტური ინფორმაცია,”- განუცხადა მან ახალგაზრდა ეკონომისტებს, ”ბევრი პროცესი საზღვარგარეთ იწყება და მერე მოდის აქ – და თქვენ პირველები ხედავთ ამ პროცესებს. წინასწარ რომ გავფრთხილდეთ რას უნდა ველოდეთ, რისგან უნდა დავიცვათ თავი”.
ეს შეთავაზება ახალგაზრდა ეკონომისტებს პრეზიდენტმა დღეს მეორედ შეხვედრისას გააცნო. პირველი შეხვედრა ამ ჯგუფთან სააკაშვილმა 31 იანვარს გამართა.
ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ვიქტორია ბერომელიძე, UBS ბანკირი ინვესტიციების საკითხებში; გურამ ანდრონიკაშვილი, JP Morgan; თამაზ გიორგაძე, McKinsey&Company-ის უფროსი კონსულტანტი; კახა კიკნაველიძე Rioni Capital-ის მმართველი პარტნიორი; გიორგი ქობულია, McKinsey&Company; ცირა კემულარია, Shell International-ის წილების შესყიდვის მენეჯერი; დავით მესხი, Evergreen Investments; დავით რობაქიძე, One Equity Partners-ს მმართველი დირექტორი; გიორგი ავალიანი, Virgin Media-ს პროდუქციის სტრატეგიის უფროსი მენეჯერი; დათო სანდროშვილი, Citigroup-ის საინვესტიციო საბანკო თანაშემწე; ნინო კოსტავა, მსოფლიო ბანკის კონსულტანტი; კობა გვენეტაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდში ეკონომისტი; ზაზა მიქაძე, ამჟამად ლონდონის ბიზნეს სკოლის მაგისტრანტი; ირაკლი ელაშვილი, ასევე ლონდონის ბიზნეს სკოლის სტუდენტი; არჩილ კეკელია, ნიკოლოზ ქურდიანი და გოგა თხელიძე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)