
ორი ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი დასახელდა
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე დიმიტრი შაშკინი დასახელდა.
შაშკინი, რომელიც ამჟამად საქართველოს საერთაშორისო რეპუბლიკური ინსტიტუტის რეგიონალური დირექტორია, მთავრობაში ახალი სახე იქნება.
სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, თუმცა ცალკე სამინისტროს ჩამოყალიბება მას შემდეგ გადაწყდა, რაც გასულ წელს გენერალური პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა. ახალი სამინიტროს შექმნის მოტივაცია იყო პროკურატურის და სასჯელაღსრულების სისტემის განცალკევება.
რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავით ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე სახელმწიფო მინისტრი იყო რეგიონალური მართვის საკითხებში.
აღნიშნული სამინისტრო რეგიონალურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბაზაზე შეიქმნა და მის შემადგებლობაში ასევე შევა საგზაო დეპარტამენტი და ტრანსპრტის დეპარტამენტი – ორივე ეს უწყება მანამდე ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა.
ორივე სამინისტროს შექმნა წინასწარ იყო დაგეგმილი და არ უკავშირდება მთავრობაში უკანასკნელ ცვლილებებს – პრემიერ-მინისტრის გრიგოლ მგალობლიშვილს გადადგომას, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური შეცვლის.
ფინანსთა მინისტრის პოსტს ამჟამინდელი მოადგილე კახა ბაინდურაშვილი დაიკავებს. სხვა ცვლილებები მთავრობაში, რომლის შემადგენლობასაც პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს, არ განხორციელებულა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)