
პრემიერ-მინისტრი მომავალი კვირიდან დაბრუნდება – სააკაშვილი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე, რომ პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი გერმანიიდან 11 იანვარს დაბრუნდება და მომავალი კვირიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
”გეგა ერთი თვე ძლივს იდგა ფეხზე, თქვენ ნახეთ და ბოლოს ჩაწვა, ზეგ გვიერთდება,”- განუცხადა მან მთავრობის წევრებს, ”ახლა მოშვების, ავადმყოფობების და ჩაწოლის დრო არ არის, ყველა უნდა იყო მობილიზებული, უნდა მუშაობდეს კარგად და იყოს ფორმაში იმიტომ, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი არ გვაძლევს მოშვების საშუალებას”.
”შემდეგ კვირაში უკვე პრემიერ-მინისტრი დაბრუნდება და უკვე პრემიერ-მინისტრთან ჩავატარებთ რამდენიმე სამუშაო სხდომას იმისათვის, რომ ერთად ჩავიაროთ ეს გეგმები,”- განაცხადა მან სახელმწიფო ეკონომიკურ პროექტებზე საუბრისას.
მთავრობის მიერ 31 დეკემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით მგალობლიშვილი გერმანიაში სამედიცინო გამოკვლევისთვის გაემგზავრა. თუმცა პრესაში გაჩნდა ვარაუდები, რომ პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტთან უთანხმოების გამო დატოვა საქართველო. 9 იანვარს გაზეთი ”რეზონანსი” წერდა, რომ გადადგომის შესახებ განცხადება შესაძლოა მგალობლიშვილმა გერმანიიდან გააკეთოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)