![](https://civil.ge/wp-content/uploads/2025/01/default-pic-780x470.png)
სოხუმი უარყოფს განმუხურის ინციდენტთან კავშირს
აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ მას არაფერი აქვს საერთო 4 იანვარს სოფელ განმუხურთან მომხდარ სროლებთან.
საქართველოს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაცხადეს კვირას, რომ ქართული პოლიციის საგუშაგოს განმუხურში ადმინისტრაციული საზღვრის აფხაზური მხრიდან გაუხსნეს ცეცხლი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
”სროლები შეიძლება ყოფილიყო ქართული მხარის მიერ ინსცენირებული, რათა გაემართლებინა სასაზღვრო რაიონებში დამატებითი ძალების გადასროლა,”- განუცხადა აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაქან ნანბამ ”ინტერფაქსს”. საქართველო უარყოფს დამატებითი ძალების განლაგებას აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განმუხურის ინციდენტი ”დანაშაულებრივი ქმედებების ჯაჭვის” ნაწილია. აგვისტოს ომი შემდეგ 10 პოლიციელი დაიღუპა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების სიახლოვეს მომხდარი ინციდენტების შედეგად.
”აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე რუსეთის მხარისა და მისი მარიონეტული რეჟიმების მიერ ხორციელდება თავხედური თავდასხმები, რომელთა მიზანს ქართული მხარის პროვოცირება და რეგიონში არსებული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა წარმოადგენს,”- ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში, ”საერთაშორისო საზოგადოებისათვის ცხადია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საფრთხის წყაროს რუსეთი და მისი შეიარაღებული ძალები წარმოადგენს”.
სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მომხდარი ინციდენტები აჩვენებს, რომ ”საფრთხის თავიდან ასაცილებლად პირველი რიგის ამოცანაა ქმედითი საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელება სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებულ და კონტროლირებად ტერიტორიებზე”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)