skip to content
ახალი ამბები

გაზეთის ცნობით, სახალხო დამცველმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა შესაძლოა გადადგომის თაობაზე გააკეთოს განცხადება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა, წერს გაზეთი ”რეზონანსი” 26 დეკემბერს.

უკვე ორი თვეა, რაც ქართული მედია ინტენსიურად საუბრობს სუბარის შესაძლო პოლიტიკური კარიერის თაობაზე. ოქტომბრის ბოლოს სუბარმა კატეგორიულად უარყო რაიმე გეგმები პოლიტიკაში წასვლის თაობაზე; დეკემბრის დასაწყისში კი მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა დატოვებდა თანამდებობას 2009 წლის სექტემბრამდე, მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. მისი თქმით, ეს იმაზე იქნებოდა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები ქვეყანაში.

”რეზონანსი” წერს 26 დეკემბერს, რომ ვარაუდები ამის თაობაზე კვლავ გაჩნდა მას შემდეგ, რაც სუბარი საქართველოს ყოფილ ელჩს გაეროში ირაკლი ალასანიას შეხვდა. ეს უკანასკნელი თავისი პოლიტიკური გეგმების საბოლოო ჩამოყალიბებამდე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს.

თუმცა, კითხვაზე აპირებს, თუ არა გადადგომას, სუბარმა უპასუხა ”რეზონანს”: ”დღეს მე ვარ სახალხო დამცველი, მაქვს უფლებამოსილების ვადა და ამ ვადაში ვასრულებ ჩემს მოვალეობას და დღეს ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის”.

მისი თქმით, შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ თავისი შეხედულებები გაახმოვანა. ”მეს მის ხედვებს ძირითად მომენტებში ვიზიარებ და ვეთანხმები,” – დასძინა სუბარმა.

იმავდროულად, ირაკლი ალასანიამ განუცხადა ქართულ საინფორმაციო ვებ-გვერდს presa.ge-ს, რომ ”აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ხედვები ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის შესახებ ერთმანეთს ემთხვევა.”

”დიალოგს გავაგრძელებთ,” – განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ მისი განცხადება არ უნდა იქნას ინტერპრეტირებული როგორც გადაწყვეტილება პოლიტიკური თანამშრომლობის შესახებ. ”მე, უბრალოდ, შეხვედრის ფაქტს ვადასტურებ,” – დასძინა ალასანიამ.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button