ახალი ამბები

გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი ოთხი თვით გაგრძელდა

გაეროს უშიშროების საბჭომ გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში (UNOMIG) აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედი მანდატი ოთხი თვით გაუგრძელა, ნაცვლად ტრადიციული ექვსი თვისა.

რეზოლუციის მოკლე ტექსტში, რომელსაც დიპლომატებმა ”ტექნიკური გაგრძელება” უწოდეს, ნათქვამია, რომ უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა ”გაეროს მისიის მანდატის გაგრძელება ახალი პერიოდით, რომელიც 2009 წლის თებერვალში იწურება”.

რეზოლუციაში საერთოდ არ არის ნახსენები მისიის ოფიციალური სახელი – გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში.  

”იყო მცდელობები მისიის სახელწოდების შეცვლისა,” – იტყობინება Associated Press-ი გაეროში აშშ-ს ელჩის ზალმაი ხალილზადის სიტყვებზე დაყრდნობით, ”ასევე იყო მცდელობები, რომ გარკვეული ორგანიზაციებისთვის სტატუსი მიენიჭებინათ”.

აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა, რამდენჯერმე განაცხადა, რომ სურთ შეიცვალოს გაეროს მისიის სახელწოდება, რადგანაც თუ მისიას აფხაზეთში სურს მუშაობა, მის სახელწოდებაში საქართველოს სახელი არ უნდა ფიგურირებდეს.

”ჩვენ შევეწინააღმდეგეთ ამ ცვლილებებს, ამ მცდელობებს,” – განაგრძო აშშ-ს ელჩმა, ”რასაც მივაღწიეთ არის მარტივი, მკაფიო, ტექნიკური გაგრძელება ოთხი თვით, რაც ჟენევის მოლაპარაკებების ჩატარებას დაეხმარება”.

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა აფხაზეთში არსებული სიტუაციის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ გაეროს მისიის მომავალი როლი გაურკვეველია. მან აღნიშნა, რომ უნდა გაიმართოს საერთაშორისო მოლაპარაკებები 15 ოქტომბრის ჟენევის შეხვედრის ფარგლებში, რათა მოხდეს შეთანხმება გაეროს მისიის ზუსტ მანდატზე. ჟენევის მოლაპარაკებების გამართვაზე საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტები 8 სექტემბერს შეთანხმდნენ.

რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა განაცხადა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, რომ მოსკოვი იმედოვნებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ახალი რეალობების შესაბამისად მანდატის კორექტირების შესაძლებლობას შექმნის. მას რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარება ჰქონდა მხედველობაში.

იმავდროულად, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი მზად არიან ეუთოსთან თანამშრომლობისთვის, ეს თანამშრომლობა არ უნდა განხორციელდეს საქართველოში ეუთოს მისიის საშუალებით. მისიის ოფისი თბილისშია განთავსებული, ხოლო რეგიონალური ოფისი აგვისტოს ომამდე ცხინვალში მდებარეობდა.

”ეუთოს მისია საქართველოში აქ წლების მანძილზე მუშაობდა,” – იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მურატ ჯიოევის სიტყვებზე დაყრდნობით 8 ოქტომბერს. ”რადგანაც ჩვენ უკვე აღიარებული სახელმწიფო ვართ, ჩვენ ვეღარ ვიმუშავებთ ეუთოს მისიასთან საქართველოში… ჩვენ გავუგზავნეთ წერილი ეუთოს თავმჯდომარეს იმის თაობაზე, რომ ეუთოს მისია საქართველოში ვეღარ იმუშავებს აქ [ცხინვალში]”.

მან ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსური მხარის სურვილია, რომ ეუთოს წარმომადგენლები ცხინვალში რუსეთიდან მხრიდან შევიდნენ და არა საქართველოდან.

”ეუთოს უმაღლესმა კომისარმა ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკმა საქართველოში ვიზიტის დროს გვაცნობა, რომ სამხრეთ ოსეთში უნდოდა ჩამოსვლა,” – განაცხადა ჯიოევმა, ”თუმცა, ჩვენ ვუპასუხეთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს მის თხოვნას, თუ ის რუსეთიდან ჩამოვა”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button