ახალი ამბები

რუსეთმა ”ძირითადი გასვლა” დაასრულა – ევროკავშირის დამკვირვებლები

რუსული ძალები გავიდნენ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ”საგუშაგოების უმეტესობიდან,” განაცხადა ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსული ძალები შუაღამისთვის დატოვებდნენ ტერიტორიას.

ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა 8 ოქტომბერს ზუგდიდში განაცხადა, რომ გაყვანის პროცესი ”ძალიან დადებითი მოვლენაა”.

”მე ვიყავი ენგურის ხიდზე, რათა ჩემი თვალით შემემოწმებინა გაყვანის პროცესი. ჩვენი დამკვირვებლები იტყობინებიან, რომ საგუშაგოები მოიხსნა მიმდებარე ტერიტორიებიდან,” – განაცხადა მან. 

მისიამ 8 ოქტომბერს საღამოს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ”როგორც ჩანს, რუსეთმა გაყვანის ძირითადი ნაწილი დაასრულა”.

”თუმცა, ევროკავშირის მისიის დამკვირვებლები კვლავ ადგილზე იმყოფებიან სიტუაციის გასაკონტროლებლად. რუსების გასვლის შემდეგ, პასუხისმგებლობა  ამ ტერიტორიებზე კანონიერების და წესრიგის დაცვაზე საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება,” – ნათქვამია განცხადებაში.

გორის რაიონის იმ სოფლებში, მათ შორის კარალეთსა და ვარიანში, საიდანაც რუსული ძალები უკვე გავიდნენ, პოზიციები უკვე დაიკავეს ქართველმა სამართალდამცავებმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ რუსული ძალების გასვლის პარალელურად გათავისუფლებულ სოფლებში შედის ”ქართულ პოლიცია თავის სპეცდანიშნულების რაზმებთან ერთად”.

”დღეს საღამომდე მთელ ამ სოფლებს, ამ ტერიტორიას გააკონტროლებს ქართული პოლიცია,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს, ”როგორც კი რუსი ოკუპანტები დატოვებენ ამ ტერიტორიას, ნახევარ საათში იძულებით გადაადგილებულ პირებს საშუალება ექნებათ დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს და ქართული პოლიცია იღებს მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე მათი უსაფრთხოების თაობაზე”.

ჰანსიორგ ჰაბერმა 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ ევროკავშირის მისია ასევე გააკონტროლებს ქართველი სამართალდამცავების მოძრაობას, ”რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას ადგილზე და საშუალებას მისცემენ ხალხს განაახლონ ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება”.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსული ძალების გაყვანა მისიის საქართველოში მუშაობის მხოლოდ პირველი ნაწილია.

”ახლა ჩვენი მუშაობა მიმართული იქნება ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ნდობის აღდგენისკენ,” – დასძინა გერმანელმა დიპლომატმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button