
კოვალენკო საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შესაძლებლობაზე საუბრობს
მას შემდეგ, რაც თბილისში რუსეთის საკონსულო სამსახური განაახლებს მუშაობას, დაიწყება ვიზების შეზღუდულად გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე, განაცხადა 3 ოქტომბერს რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.
”ვიზები გაიცემა ჰუმანიტარულ შემთხვევებზე, სანათესაო კავშირების და ექსტრემალურ შემთხვევებში,”- აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ საკონსულო სამსახური ”რიგი საკითხების” მოგვარების შემდეგ განაახლებს მუშაობას თბილისში.
კოვალენკოს თქმით, ამჟამად საქართველოსთან არანაირი დიპლომატიური კონტაქტი არ არსებობს და ეს ურთიერთობები მხოლოდ იმ შემთხვევაში აღდგება, თუ ”საქართველო შეწყვეტს კონფრონტაციულ პოლიტიკას რუსეთთან”.
ელჩის თქმით, საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია რუსეთთან ”კეთილმეზობლური” ურთიერთობის აღდგენა და ეკონომიკური თანამშრომლობა. ”ამას ალტერნატივა არ აქვს,”- აღნიშნა მან.
”ინტერფაქსის” ოფისში პრესკონფერენციაზე საუბრისას კოველენკომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი არასდროს ისახავდა მიზნად საქართველოს დამორჩილებას და ”მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის” შეცვლას.
”ჩვენ ამ საქმეში არც ვმონაწილეობდით და რაც ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას,”- განაცხადა ელჩმა, ”ეს ჩვენი სტილი არ არის”.
ვიაჩესლავ კოვალენკომ 30 სექტემბერს, თითქმის ერთი თვის თავზე დატოვა თბილისი მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსული აგრესიის საპასუხოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთთან. თბილისში რუსეთის საელჩო და საკონსულო 3 სექტემბერს დაიხურა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)