საფრანგეთი და რუსეთი ლიდერების საუბრის შინაარსის განსხვავებულ ვერსიებს აქვეყნებენ
საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ ჩაანაცვლონ რუსული ძალები ცხინვალის რეგიონის გარშემო ე.წ ”უსაფრთხოების ზონაში” ეუთოს დამკვირვებლებით, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა. თუმცა კრემლი უარყოფს მსგავსი გარიგების ფაქტს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თავის რუს კოლეგას დიმიტრი მედვედევს ტელეფონით 23 აგვისტოს საღამოს ესაუბრა.
სატელეფონო საუბრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება ამბობს: ”ორი პრეზიდენტი შეთანხმდა საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებაზე ეუთოს ეგიდით, რომელიც ჩაანაცვლებს რუსულ პატრულს სამხრეთ ოსეთის სამხრეთით უსაფრთხოების ზონაში”.
კრემლმა არათუ უარყო მსგავსი გარიგება, არამედ განაცხადა, რომ ეს საკითხი განხილულიც კი არ ყოფილა.
”არ გამართულა მსჯელობა რუსული სამშვიდობო ძალების ეუთოს დამკვირვებლებით ჩანაცვლების თაობაზე,”- იუწყებიან რუსული სააგენტოები კრემლის განცხადებაზე დაყრდნობით, ”ნიკოლა სარკოზისთან საუბრისას, დიმიტრი მედვედევმა დაადასტურა [რუსეთის] მზადყოფნა ითანამშრომლოს ეუთოსთან ამ ზონაში [ექვსპუნქტიანი გეგმის] მე-5 პუნქტის შესაბამისად, რომელიც ერთობლივად განავითარეს საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა”.
რუსეთმა, რომელიც ცდილობს თავის სასარგებლოდ აამოქმედოს საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შუამავლობით მიღწეული ინტერპრეტაციის შესაძლებლობის შემცველი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, სტაციონარული საგუშაგოები განათავსა ცხინვალის რეგიონის სამხრეთით. ერთ-ერთი ასეთი ბლოკსაგუშაგო მდებარეობს ცხინვალის გზაზე, სოფელ კარალეთთან გორიდან 5 კმ-ში.
კრემლმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სარკოზიმ ”პოზიტიური” შეფასება მისცა რუსული ძალების გაყვანის პროცესს, რომელიც ”რუსული მხარის მიერ გამოცხადებულ ვადაში” განხორციელდა.
საფრანგეთის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა სარკოზიმ ”მადლობა უთხრა პრეზიდენტ მედვედევს იმ ვალდებულების დაცვის გამო, რომელიც რუსული ჯარების გაყვანას ეხება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)