ახალი ამბები

აშშ-ს საზღვაო ძალების გემები საქართველოსკენ მოემართებიან

ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო გემი – USS McFaul . 
ფოტო: აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი.

ორ ამერიკულ ხომალდს, მათ შორის USS McFaul რაკეტსაწინააღმდეგო გემს და ამერიკულ სანაპირო დაცვის კატარღას საქართველოში ჰუმანიტარული დახმარება მოაქვთ, განაცხადა აშშ-ს ევროპულმა სარდლობამ 21 აგვისტოს.

ამ ინფორმაციით, USS McFaul (DDG 74) ოთხშაბათს გამოვიდა კრეტადან, ხოლო კატარღა Dallas (WHEC 716) მიმდინარე კვირას, მოგვიანებით გამოვა.

McFaul და Dallas შავ ზღვას გამოივლიან და საქართველოში ერთი კვირის ვადაში ჩამოვლენ, იტყობინება აშშ-ს ევროპული სარდლობა.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთი დათანხმდა მათ გამოტარებაზე შავ ზღვაზე.

”გემებს მოაქვთ ათასობით საბანი, ჰიგიენური ნივთები, ბავშვის საკვები და ჩვილი ბავშვებისთვის საჭირო ნივთები, რათა გადარჩეს სიცოცხლეები და შემსუბუქდეს ადამიანების ტანჯვა,” – განაცხადა აშშ-ს ევროპულმა სარდლობამ.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა მოსკოვში 21 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი განაგრძობს ”უსაფრთხოების რეჟიმის უზრუნველყოფას შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში”.

”მისი [ფლოტის] შემდგომი გაძლიერების საჭიროება არ არსებობს,” – დასძინა მან.

ამავდროულად, აშშ-ს ევროპული სარდლობის დელეგაცია არმიის ბრიგადის გენერლის ჯონ მილერის ხელმძღვანელობით თბილისში ჩამოვიდა, რათა ”შეაფასოს არსებული ჰუმანიტარული სიტუაცია და სამხედრო სფეროს ხელმძღვანელობას რეკომენცადიები მისცეს მიმდინარე ჰუმანიტარული მხარდაჭერის თაობაზე”.

”აშშ-ს ევროპული სარდლობის დელეგაცია დეტალურ შეფასებას განახორციელებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა ტრანსპორტირება, ინფრასტრუქტურა, ადამიანური რესურსები და სხვა,” – განაცხადა აშშ-ს ევროპულმა სარდლობამ.                               

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button