ტელეკომპანია ”კავკასია” ფინანსური შევიწროების შესახებ საუბრობს
ბოლო პერიოდში ხელისუფლება ახორციელებს ”გარკვეული ტიპის ზეწოლას” იმ ბიზნესებზე, რომლებიც ტელეკომპანია ”კავკასიას” რეკლამებს უკვეთავენ, განაცხადა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჯანგირაშვილმა.
მისი განცხადებით, უკვე სამმა კომპანიამ გაიტანა რეკლამა ტელეკომპანიიდან. მან ამ კომპანიების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.
”ეს ხდება მაშინ, როცა ვიცით, რომ ესა და ეს ბიზნესმენი დაბარებული იყო ფინანსურში [ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური], სადაც ეუბნებიან – ესენი [”კავკასია”] უნდა გავანადგუროთ, მოგვიანებით კი გვირეკავენ და რეკლამის გაშვების თაობაზე კონტრაქტის შეწყვეტას გვთხოვენ,”- განუცხადა Civil.ge-ს 27 ივნისს ნინო ჯანგირაშვილმა, “ეს ფაქტია, თანაც ძალიან შემაშფოთებელი”.
მისი ინფორმაციით, ტელეკომპანია ”კავკასიაში”, რომელიც ოპოზიციურ არხად მიიჩნევა და მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს, განსაკუთრებით თებერვლიდან რეკლამების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ნოემბრის მოვლენების შემდეგ ”კავკასიის” რეიტინგმა საგრძნობლად იმატა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)