
მმართველი პარტიის სიის ლიდერი საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო
ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ნომერი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დავით ბაქრაძე დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.
მან პირველი წინასაარჩევნო შეხვედრა დღეს გორის ამომრჩევლებთან გამართა.
ბოლო დროს კონფლიქტების გამო ქართულ-რუსული ურთიერთობების გამწვავების ფონზე დავით ბაქრაძე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის რანგში საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების მიზნით აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს სტუმრობდა.
გუშინ ბრიუსელიდან დაბრუნებულმა ბაქრაძემ განაცხადა, რომ ეს იყო მისი ბოლო ვიზიტი საგარეო დიპლომატიური კუთხით და ის უკვე მთლიანად გადაერთვება საარჩევნო კამპანიაზე.
”საარჩევნო კამპანიის დროს მე ჩავალ რაც შეიძლება მეტ სოფელში და შევხვდები რაც შეიძლება მეტ ხალხს, რათა უკეთ გავეცნო მათ პრობლემებს,” – განაცხადა ბაქრაძემ 1 მაისს.
ბაქრაძე ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი მას შემდეგ გახდა, რაც 21 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე თანაგუნდელებთან სიებზე შეუთანხმებლობის მოტივით.
საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში, დავით ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარედ მოიაზრება.
გასულ თვეში მთავრობის ოთხმა წევრმა – საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ, ლტოლვილთა და განსახლების სახელმწიფო მინისტრმა კობა სუბელიანმა, გარემოს დაცვის მინისტრმა ზაზა გამცემლიძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პეტრე ცისკარიშვილმა თანამდებობები 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დატოვეს.
ახალი სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრები უკვე დაინიშნა. თუმცა საგარეო საქმეთა და სახელმწიფო მინისტრების თანამდებობები კვლავ ვაკანტურია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)