skip to content
ახალი ამბები

მინისტრებმა სამართლიანი არჩევნების სამთავრობო ჯგუფი დატოვეს

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ და რეგიონალური მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიზნით სამთავრობო ჯგუფი დატოვეს.


”აღნიშნული გადაწყვეტილება ნაკარნახევია იმით, რომ ჩვენ, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომლებსაც კანონმდებლობით არ ეკრძალება წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, მიგვაჩნია, რომ ჯგუფში ჩვენმა წევრობამ შეიძლება კითხვები გააჩინოს ჯგუფის საქმიანობის მიუკერძოებლობის მიმართ,”- ნათქვამია გვარამიას და ტყეშელაშვილის ერთობლივ განცხადებაში, ”რათა არ დაირღვეს ჯგუფის მუშაობის უმნიშვნელოვანესი პრინციპი – მიუკერძოებლობა, კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან (21 აპრილიდან) ვტოვებთ სამუშაო ჯგუფს”.


საარჩევნო კოდექსის თანახმად: ”წინასაარჩევნო კამპანია/აგიტაცია იწყება არჩევნების დანიშვნის მომენტიდან”. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების თარიღი 21 მარტის განკარგულებით განსაზღვრა , ხოლო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობა 27 მარტიდან განაახლა.

Back to top button