
უგულავამ მმართველი პარტიის სიის პირველი ათეული დაასახელა
თბილისის მერმა გიგი უგულავამ ”გაუგებარი” და ”უდროო” უწოდა ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებას აღარ იყაროს კენჭი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის რეკომენდირებული რიგი კანდიდატები რჩებიან სიაში.
უგულავამ ეს განცხადება 21 აპრილს თოქ-შოუ ”Primetime”-ში საუბრისას გააკეთა, სადაც მან ნაციონალური მოძრაობის გასაიდუმლოებული სიის პირველი ათეული დაასახელა:
დავით ბაქრაძე – საგარეო საქმეთა მინისტრი;
კობა სუბელიანი – ლტოლვილთა და განსახლების სახელმწიფო მინისტრი;
გია როინიშვილი – მსახიობი;
ზაზა გამცემლიძე – გარემოს დაცვის მინისტრი, ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი;
ნუგზარ წიკლაური – გამომცემელი;
ხათუნა ოჩიაური – საკრებულოს წევრი;
მიხეილ მაჭავარიანი – ვიცე-სპიკერი;
გიგი წერეთელი – დეპუტატი;
დავით დარჩიაშვილი – ”ღია საზოგადოება საქართველოს” დირექტორი.
თბილისის მერის თქმით, პარლამენტში არჩევნების შედეგად ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე გახდება დავით ბაქრაძე.
უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ”ფუნდამენტურად” არის გადახალისებული.
”ჩვენ არ ვამბობთ იმ ხალხზე უარს, ვინც რეკომენდირებული იყო ბურჯანაძის მიერ,”- განაცხადა უგულავამ.
მან განაცხადა, რომ ბურჯანაძის რეკომენდაციით სიაში რჩება კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე.
უგულავამ, რომელმაც არ დამალა უკმაყოფილება ბურჯანაძის გადაწყვეტილების გამო, განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებამდე 1 საათით ადრე ”ძალიან მძიმე” სატელეფონო საუბარი შედგა პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს შორის, რასაც სააკაშვილთან ერთად ესწრებოდა ნინო ბურჯანაძეც და თვითინ გიგი უგულავა.