
პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა რუსეთის ”პროვოკაციულ” ნაბიჯებთან დაკავშირებით
პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა, 21 აპრილი, 2008 წელი:
”რამდენიმე საათის წინ რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალებმა იერიში მოიტანეს საქართველოს ტერიტორიის კონფლიქტის ზონაზე. აფხაზეთში სოფელ განმუხურის თავზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილმა MIG 29 ტიპის თვითფრინავმა, მოიერიშე თვითმფრინავმა, რომელიც აფრინდა გუდაუთის სამხედრო ბაზიდან, სადაც ის უკანონოდ ბაზირდებოდა, განახორციელა საჰაერო შეტევა საქართველოს პოლიციის კუთვნილ უპილოტო შეუიარაღებელ თვითმფრინავზე და განახორციელა რამდენიმე სარაკეტო დარტყმა ამ თვითმფრინავის და სოფელ განმუხურის მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით.
ეს აქტი თავისთავად არის გაეროს წესდების უხეში დარღვევა. ეს არის ერთმნიშვნელოვნად საერთაშორისო აგრესიის განხორციელების აქტი, ეს არის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა სხვა სახელმწიფოს მიერ ყოველგვარი პროვოცირების, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, საერთაშორისო ნორმების უხეში ფეხქვეშ გათელვით. მე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ეს არ არის პირველი აქტი, როცა ჩვენ გვმომბავდნენ….
ეს არის პირველი შემთხვევა, ბოლო შემთხვევა, როცა ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ნათელი ზედმიწევნით ზუსტად გამოსახულებით ვიდეო -კადრები იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ, რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა, ე.ი. აგრესიული ქმედება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი საზღვრების ხელშეუხებლობის, საქართველოს ხალხის უსაფრთხოების წინააღმდეგ.
ეს არის არამეგობრული აქტი, ეს არის სრულიად მიუღებელი აქტი საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით.
ამავე დროს არანაკლებ და ბევრად უფრო საგანგაშოა ის იურიდიული ნაბიჯები, რომელიც რუსეთმა გადადგა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში გასული კვირეების განმავლობაში. ჯერ რუსეთი ცალმხრივად გავიდა დსთ-ს სანქციებიდან, რომელიც შემოღებული იქნა [რუსეთის] პრეზიდენტ [ბორის]ელცინის მმართველობის დროს და რომელიც მიზნად ისახავდა ეთნიკური წმენდის ჩამტარებლების იურიდიულ პასუხისმგებლობას და მათთვის ეკონომიკური წყაროების დაკეტვას. გასულ კვირას კი რუსეთის პრეზიდენტის დავალებით რუსეთის ფედერაციამ მიიღო აქტი, რომელმაც პირდაპირ განახორციელა საქართველოს ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის დე ფაქტო ანექსიის დაკანონება.
მე მინდა კარგად გავიაზროთ თუ რა წერია ამ აქტში, ამ აქტში წერია, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ აღიარებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას და რომ ის პირდაპირ სამართლებრივ კონტაქტებს განახორციელებს სეპარატისტულ ხელმძღვანელობასთან. ე.ი. ეთნიკური წმენდის ჩამტარებლებთან, მრავალრიცხოვანი კრიმინალური აქტის ავტორებთან, ყოველდღიური ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გამტარებლებთან და ყოველდღიური ძალადობის პოლიტიკის გამტარებლებთან.
ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო გამოწვევა და უპრეცედენტო ფეხქვეშ გათელვა საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ქცევის ნორმების.
საქართველო მსხვერპლია აბსოლუტურად თავზე ხელაღებული, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, აბსოლუტურად უკანონო, ძალიან გამომწვევი საერთაშორისო ქცევის და აგრესიის აქტის.
ამ ძალიან რთულ დღეებში ჩვენ კონტაქტში ვიყავით მსოფლიოს ლიდერებთან. მე პირადად მქონდა საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მრავალრიცხოვან წარმომადგენელთან, მქონდა კონტაქტი პრეზიდენტ ბუშთან. მქონდა სატელეფონო საუბრები ბევრ ევროპელ ლიდერთან, ბევრ ცნობილ დიპლომატთან, ბევრ წამყვან პარლამენტართან. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ, ევროკავშირმა, ნატოს ორგანიზაციამ გააკეთეს უპრეცედენტოდ მკაცრი განცხადებები, რომელშიც არა მხოლოდ შეშფოთებას გამოხატავენ რუსეთის ფედერაციის მოქმედების გამო, არამედ მოითხოვენ ამ აქტის დაუყოვნებლივ გაუქმებას.
დღეს გუშინდელი თავდასხმის შემდეგ მე მქონდა ვრცელი საუბარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან, რომელთანაც საუბარი, სხვათაშორის, ჩვენ მოვითხოვეთ უკვე ამ ხუთი დღის წინ.
ეს არ იყო ადვილი საუბარი.
მე კატეგორიულად მოვთხოვე რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელს დაუყოვნებლივ გაუქმება ამ უკანონო იურიდიული აქტის, რომელიც რუსეთმა მიიღო, დაუყოვნებლივ შეწყვეტა აგრესიული თავდასხმებისა საქართველოზე და ყველა ნაბიჯის გადადგმა იმისათვის, რომ საერთაშორისო დაძაბულობა საქართველოზე და საქართველოს გარშემო ერთხელ და სამუდამოდ განიმუხტოს.
საქართველოს აქვს სამშვიდობო გეგმა, უპრეცედენტო სამშვიდობო გეგმა, რომელიც ასევე უპრეცედენტოდ მხარდაჭერილია ერთხმად და მოწონებულია ევროკავშირის, წამყვანი ევროპული სახელმწიფოების, ნატოს და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.
ჩემო მეგობრებო, მე და თქვენ გამოვიარეთ ბოლო წლებში ძალიან რთული პერიოდი. ჩვენ სასწაული მოვახდინეთ ყველამ ერთად, დანგრეული, დაშლილი მდგომარეობიდან ავაწყვეთ ჩვენი ქართული სახელმწიფო. ეს არის ქართული სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს უშიშროების სტრუქტურები, რომელსაც ჰყავს არმია, რომელსაც შეუძლია დაიცვას საქართველოს უსაფრთხოება და წესრიგი. ეს არის კარგად ფუნქციონირებადი სახელმწიფო აპარატი და რაც მთავარია ეს არის სწრაფად მზარდი ქართული ეკონომიკა, სწრაფად მზარდი თავისუფალი ბიზნეს გარემო და ბევრი რაღაც გაკეთდა იმისთვის, რომ ამომძვრალიყო იმ უბედურებიდან, სადაც ჩვენ ვიყავით.
ამიტომ საქართველოს არ სჭირდება არც არეულობა, არ სჭირდება არც ძალადობრივი სცენარი და არაფერში არ სჭირდება ის რაც ახლა ხდება ჩვენ რეგიონებთან მიმართებაში.
მაგრამ, ჩემო თანამემამულეებო, ჩვენ უნდა მთელს მსოფლიოს ვუთხრათ საქართველო არასდროს არ შეეგუება მისი ტერიტორიის საუკეთესო ნაწილის მიტაცებას და იქ უცხოური ბატონობის დამკვიდრებას. ქართველმა ხალხმა მრავალი საუკუნის განმავლობაში იბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და ამ ტერიტორიებისთვის. ეს ტერიტორია არ ეკუთვნის არც რომელიმე მოქმედ საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს და არც თუნდაც დღევანდელ მცხოვრებ თაობას მხოლოდ. ეს ტერიტორია არ მოუცია ჩვენთვის არც რომელიმე ვინმე ჩვენს მეზობელს და არც რომელიმე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციას. ეს არის ტერიტორია, რომელიც გვიანდერძეს ჩვენ წინაპრებმა და რომლის ყოველი გოჯი ყველა ჩვენი თანამემამულისთვის, რომელი ეთნიკური წარმომავლობისაც არ უნდა იყვნენ ისინი, არის წმინდათა წმინდა და ხელშეუხებელი და ჩვენ არც ერთ გოჯს ჩვენი მიწის და, ეს მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, არასდროს არ დავთმობთ.
ჩვენ გვინდა მშვიდობა და განვითარება, ჩვენ გვინდა პატიოსანი და გამჭირვალე ურთიერთობები ყველა ჩვენს მეზობელთან. ჩვენ არაფერში არ გვჭირდება პრობლემები, ჩვენ არაფერში არ გვჭირდება არეულობა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სიმშვიდე და საქართველოს შემდგომი განვითარება, მაგრამ როგორც არასდროს, ამ ყველა გამოწვევის ფონზე ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა, სიწყნარე და კონსოლიდირებულად გავაგრძელოთ ჩვენი ინტეგრაცია საერთაშორისო სტრუქტურებში, საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება და ეს ყველა პროვოკაცია არის პასუხი ჩვენი პოზიციების გაძლიერებაზე.
ნუ მოვტყუვდებით ეს იმის პასუხი კი არ არის, რომ თქვენ მიდიხართ სადღაც და ჩვენ ამისთვის გსჯით. სწორედ იმის გამო, რომ წარმატებით მივდივართ იმიტომ ცდილობენ, რომ ეს სვლა შეაჩერონ. სწორედ იმიტომ, რომ ვძლიერდებით, იმიტომ ცდილობენ, რომ შეგვასუსტონ. სწორედ იმიტომ, რომ წარმატება გვაქვს, იმიტომ ცდილობენ რაღაცნაირად წარუმატებლობაში ჩაგვრთონ და რაღაც პრობლემები შეგვიქმნან. ჩვენ წარმატება გვინდა არა ვინმეს ჯინაზე. ეს არის ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი შვილიშვილებისთვის. ამიტომ ჩვენ ყველაფერ ამას ვუპასუხებთ შემდგომი სამშვიდობო ინიციატივებით.
ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება ახლა გაეროში გამოსვლები აქვს იქ სხვადასხვა დონეზე, ჩვენი წარმომადგენლები ტურნეს აწყობენ ევროპაში. ზეგ გაიმართება შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივანს [კონდოლიზა რაისს] და დავით ბაქრაძეს შორის და უახლოეს პერიოდში ჩვენი დიპლომატია გაგრძელდება იმ მიმართულებით, რომ ის გარანტიები, რომელიც ჩვენ ამ დღეებში მივიღეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის შეუქცევადობის და ის, რომ არასდროს არ შეეგუება ამ ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, ამ ყველა გარანტიამ მიიღოს შეუქცევადი და ძალიან, ძალიან მყარი ხასიათი. სამუდამოდ ეს ჩავაქვითკიროთ და ჩავაბეტონოთ.
მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ხალხის გამძლეობაში, გამბედაობაში და მშვიდობის მოყვარეობაში. მე მაქვს თქვენი იმედი და თქვენ უნდა გქონდეთ საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს ხელისუფლების იმედი, იმაში რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენ ქვეყანას ავაცილოთ ხიფათი და ჩვენი ქვეყანა შევინარჩუნოთ, როგორც ერთიანი და მთლიანი ჩვენი მონაპოვარი. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!”