ახალი ამბები

ბურჯანაძე მომავალ პარლამენტში კენჭს არ იყრის – განცხადების სრული ტექსტი

ნინო ბურჯანაძემ 21 აპრილს განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება არ იყაროს მომავალ პარლამენტში კენჭი, არ შეიცვლება:

”ჩემი გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელსაც მე ახლა გავახმოვანებ, მე, როგორც ყოველთვის აქამდე, ვიდექი და ვიდგები ჩემი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე და სადაც არ უნდა ვიყო და თანამდებობაც არ უნდა მეკავოს გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჭირდება ჩემს ქვეყანას, ჩემი ქვეყნის მომავალს და ჩემი ხალხის კეთილდღეობას.


მე შევასრულებ ნებისმიერ ადგილზე ჩემს ადამიანურ და მოქალაქეობრივ მოვალეობას ბოლომდე და ჩვენი სამშობლოს არაკეთილმოსურნეებს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ყოველთვის მივცემ საკადრის პასუხს.


იმავდროულად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად გარკვეული განსხვავებული მოსაზრებებისა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე ვიქნები იქ, სადაც ეს ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს სჭირდება.


მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის გარემოება, რომ ყველამ კარგად უნდა იცოდეს და კარგად უნდა გაიგოს – ეს არის ჩემი მტკიცე პოზიცია -, რომ განსხვავებული მოსაზრებები არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების შესუსტებას და ოდნავათაც ვერ შეასუსტებს მნიშვნელოვან, ქვეყნისათვის სასიცოცხლო საკითხებში ჩვენი ხელისუფლების ერთიანობას.


მე კატეგორიულად გამოვრიცხავ ნებისმიერ შესაძლებლობას იმისას, რომ ჩემი შემდგომი განცხადება რამენაირად გაგებული ან გამოყენებული იქნას ისე, რომ ეს შესაძლებელი იყოს მიმართული იყოს ქვეყნის რაიმე სერიოზული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ან პრინციპული ინტერესის წინააღმდეგ.

ყველა კრიტიკულ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, მე ვიქნები იქ, სადაც ეს ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს დასჭირდება.


ამისდა მიუხედავად მინდა განვაცხადო, რომ ძალზედ სერიოზული, ხანგრძლივი და არა მარტივი კონსულტაციების მიუხედავად, ჩემდა სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული კონსენსუსი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიის ფორმირების პროცესში.


ჩემის აზრით, ეს ტრაგედია არ არის და ყველა ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. სასიამოვნო არ არის, მაგრამ არც ტრაგედია არ არის.


ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოჰყვეს და არც მოყვება პოლიტიკური, მითუფრო სახელმწიფოებრივი კრიზისი. ეს დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია, რომლისკენაც მე და ჩემი თანამოაზრეები ყველა ეტაპზე, სხვადასხვა შემადგენლობით ყოველთვის ვისწრაფოდით.


მიუხედავად ჩემი გადაწყვეტილებისა, მე ვთვლი, რომ სტრატეგიულად ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ვითარდება და დარწმუნებული ვარ, რომ ასევე სწორი მიმართულებით განვითარდება. 


იმავდროულად, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ტაქტიკურად, ბუნებრივია, ბევრი რამ არის შესაცვლელი და გარკვეული შეცდომებიც იყო დაშვებული.


მე მჯერა და მჯეროდა, რომ ჩვენ საკმარისზე მეტი გაკვეთილი მივიღეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენ შემდგომ პოლიტიკაში უნდა ასახულიყო.


ასევე ვთვლი, რომ არჩევნები საუკეთესო გზაა განაახლო პოლიტიკური გუნდი, დასახო ახალი პოლიტიკა იმ სტრატეგიულად აბსოლუტურად სწორი მიზნების მისაღწევად, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს და რისკენაც ამ ხნის განმავლობაში მივდიოდით.


მე ვთვლი, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები კორექტირებას მოითხოვს. მიმაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ გარკვეული შეცდომები გამოსწორებული უნდა იქნეს, სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოსწორებული, ნაწილობრივ ეს დაწყებულიც არის.


ამასთან, მე არავითარ შემთხვევაში არ ვიხსნი პასუხისმგებლობას ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის მოღვაწეობაზე, ყველა იმ ქმედებებზე, რომელიც განხორციელებული იქნა პარლამენტის თავმჯდომარის, თუ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში.


მე მჯეროდა და მჯერა, რომ მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში, მოვლენების პოლიტიკური განვითარების ევოლუციური გზით ჩვენ შეგვიძლია წარმატებას მივაღწიოთ ამ ქვეყანაში. მე ყოველთვის მწამდა და მწამს, რომ ქართველები აირჩევენ ღირსეულ ხელისუფლებას და ხელისუფლება კი თავის მხრივ დაინახავს  რეალობას და ყოველთვის ამ რეალობისაკენ იქნება შებრუნებული და იქნება შებრუნებული ხალხისაკენ.


საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მე ვცდილობ საპარლამენტო არჩევნებში შესაძლებლობა მივცე ახალ, შეიძლება არაპარტიულ, მაგრამ პატიოსან პროფესიონალებს, რომ მოვიდნენ პოლიტიკაში, რათა უფრო თამამად შეძლონ ახალი ნაბიჯების გადადგმა.


მე შეგნებულად დღეს არ ვთხოვე იმ ადამიანებს ჩემს გვერდით დადგომა, რომელთა მიმართაც წინა არჩევნებზე ასევე ისმოდა კითხვის ნიშნები. დღეს ალბათ არავის უჩნდება კითხვის ნიშნები, თუ რატომ უნდა მოსულიყვნენ პოლიტიკაში ახალი ფიგურები ე.წ. ბურჯანაძის გუნდი: დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე, დღევანდელი გუბერნატორი კახეთში ლევან ბეჟაშვილი, დღევანდელი ელჩი ევროკავშირში სალომე სამადაშვილი, ღირსეული ადამიანები, რომლებიც პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილნი.


მჯეროდა და დღესაც მჯერა, რომ საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებიც ნამდვილად შეძლებენ, რომ ეს ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანონ. მჯერა, რომ  შევძლებთ სამართლიანი და მომთხოვნი ვიყოთ საკუთარი თავის და საკუთარი თანაგუნდელების მიმართ.


მე ნამდვილად მინდა ეს ვუსურვო იმ პოლიტიკურ პარტიას და იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომლის სიაშიც აქამდე მე მოვიაზრებოდი.


ამ განზრახვით, მე ვცდილობდი საპარლამენტო სიაში მოხვედრილიყვნენ ახალი ადამიანები, ახალი სახეები, რომლებიც ჩემის აზრით, ნამდვილად გამოადგებოდნენ ქვეყანას, კიდევ უფრო მნიშვნელოვან რეფორმებში ჩაებმებოდნენ, ჰუმანურს გახდიდნენ რეფორმებს.


დარწმუნებული ვარ, რომ უსწრაფესი და მნიშვნელოვანი სიახლეების გარეშე მთელი რიგი მიმართულებებით რთული იქნება ქვეყნის ეფექტური განვითარება. გასაკეთებელი ქვეყანაში ძალიან ბევრია, განსახორციელებელია მნიშვნელოვანი რეფორმები, მისაყვანია ბოლომდე ის, რაც დაწყებულია, გასატარებელია ისეთი სასამართლო რეფორმა, რომელსაც ნამდვილად კითხვები აღარ ექნება და რომელიც ადამიანებს სამართლიანობის განცდას ერთხელ და სამუდამოდ დაუმკვიდრებს. გასატარებელია ისეთი რეფორმები, რომლებიც ადამიანებს ხვალინდელი დღის რწმენას ნამდვილად მისცემს.


მე მივიღე გადაწყვეტილება არ ვიყარო კენჭი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება.


მინდა მჯეროდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა წავა სწორი გზით და ჩვენი საზოგადოება დაამკვიდრებს  ახალ დემოკრატიულ ღირებულებებს ძველი, მისაღები ღირებულებების განადგურების გარეშე. მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება გააკეთებს სწორ არჩევანს და ჩვენ გავაგრძელებთ სწორი ნაბიჯებით და სწრაფი  ნაბიჯებით წინსვლას.


მინდა დავადასტურო, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ არჩევნებმა სამართლიანად, დემოკრატიულად და ობიექტურად ჩაიაროს.


შესაბამისად, მე არ ვიხსნი პასუხისმგებლობას მომავალი არჩევნების  სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებით.

მე გავაგრძელებ პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ახალი პარლამენტის არჩევნებამდე და მე ნამდვილად მთელი გულით წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას.


მე მინდა იმედი ვიქონიო, რომ წარმატება ექნება ასევე იმ გუნდს, რომელსაც მე ამდენი ხნის განმავლობაში და რომელთანაც ერთადაც მე ამდენი ხნის განმავლობაში ძალიან ბევრს ვაკეთებდი.


მე მინდა ამ გუნდს ვუსურვო წარმატება, მაგრამ ამავდროულად მინდა ვუსურვო ის, რომ გათვალისწინებული იქნას ყველაფერი ის, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შემდგომი რეფორმები წარმატებული იყოს, შემდგომი განვითარება ქვეყნის წარმატებული იყოს და ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, წარმატებული, დემოკრატიული, სამართლიანი და ღირსეული ისეთი, როგორიც ეს ჩვენს საზოგადოებას შეეფერება”.


 



 

Back to top button