ახალი ამბები

პატრიარქი წუხილს გამოთქვამს გართულებული ქართულ-რუსული ურთიერთობების გამო

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 20 აპრილს რუსეთის ელჩს საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკოს გადასცა განცხადება, სადაც წუხილს გამოთქვამს საქართველოს და რუსეთს შორის ბოლო დროს გართულებული ვითარების გამო.


პატრიარქი, რომელმაც განცხადება საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან ურთიერთობების ლეგალიზების თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ გაავრცელა, სეპარატიზმის გაღვივების წინააღმდეგ აფრთხილებს, რადგან ეს ”ხშირად წყაროა ძალადობისა და აგრესიისა”.


“არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ერთმორწმუნე ერების სულიერ ძმობას და კეთილმეზობლობის სულისკვეთებას,”- ნათქვამია განცხადებაში, ”ორივე ქვეყანა აღიარებს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა შეუსაბამობა, რომელიც ზოგჯერ თავს იჩენს დეკლარირებულსა და რეალურ ნაბიჯებს შორის, სერიოზულად ამწვავებს ჩვენს ურთიერთობებს”.

Back to top button