skip to content
ახალი ამბები

სოხუმი ქართული მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იტყობინება

აფხაზური მხარის ინფორმაციით, მისმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 20 აპრილს გალის რაიონის თავზე ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდო, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.


”მზვერავი თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა,” – განუცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ”რია ნოვოსტის”, ”ამჟამად მიმდინარეობს ნამსხვრევების ძებნა”.


აფხაზური მხარის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე, სოფელ გაგიდას თავზე მოხდა.


ანალოგიური ინციდენტის შესახებ ინფორმაცია აფხაზურმა მხარემ 18 მარტსაც გაავრცელა, როდესაც მისი თქმით, ისრაელის კომპანია Elbit Systems-ის მიერ წარმოებული საშუალო ზომის ქართული უპოლოტო მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდეს გალის რაიონის თავზე. ამ თვითმფრინავის ნამსხვრევები სოხუმში ჟურნალისტებსაც უჩვენეს. თუმცა, მაშინ ქართულმა მხარემ უარყო მისი თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი.


20 აპრილს საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და რუსთავი 2-მა განაცხადეს, რომ საბრძოლო ვერტმფრენმა ხმელეთზე ცეცხლი გაუხსნა დაუდგენელ სამიზნეებს. ორივე ტელეკომპანიამ უჩვენა თვითმხილველი ქალბატონი, რომლის თქმითაც, მან დაინახა ”რუსული ვერტმფრენი, რომელიც ასაფეთქებლებს ისროდა”. ტელეკომპანიებმა არ გააშუქეს აფხაზური მხარის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქართული მზვერავი თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული. თავის 1 საათიან საინფორმაციო გადაცემაში ტელეკომპანია ”მზემ” განაცხდა: ”გალის რაიონში უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი აფეთქდა. რეინტეგრაციის მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ეს ფაქტი დაადასტურა”.


საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” იტყობინებოდა ”თვითმხილველზე” დაყრდნობით, რომ უპილოტო თვითმფრინავი შემჩნეულ იქნა სანაპირო ზოლთან, გალის რაიონის სოფელ პრიმორსკოეს მახლობლად, რომელსაც თვითმფრინავი მოყვებოდა; ამავე ინფორმაციის თანახმად, ამ უკანასკნელმა ჩამოაგდო უპილოტო თვითმფრინავი.      

Back to top button